ალუდა ღუდუშაურმა საპარლამენტო ტრიბუნიდან ტარიელ ნაკაიძეს "არაკაცი" უწოდა და შუღლის გაღვივების მცდელობაში დაადანაშაულა. "ოცნების" დეპუტატმა ოპოზიციონერი რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვის შესახებ გაკეთებული განცხადებებისთვის გალანძღა.
"ამ მაღალი ტრიბუნიდან პირდაპირ გეუბნებით, საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი, მაგრამ ტარიელ ნაკაიძე გახლავთ თვალსაჩინო ნიმუში იმისა, როგორი არ უნდა იყოს ადამიანი და როგორი არ უნდა იყოს კაცი. ეს არის არაკაცი. ვერანაირ შემთხვევაში ვერ მიაღწევს იმას, რასაც ცდილობს, რომ ეთნიკურ ნიადაგზე რაღაც შუღლი გააღვივოს." თქვა ღუდუშაურმა.
მისი მტკიცებით, ნაკაიძე, რომელიც ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრია, არაფერს აკეთებს, "თითი თითზე არ აქვს დადებული" და "ვერ ბედავს" სხდომებზე შესვლას.
ტარიელ ნაკაიძემ პარლამენტის სხდომათა დარბაზში, სახალხო დამცველის ანგარიშის წარდგენისას სიტყვით გამოსვლისას, რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე და ამ კონტექსტში, თავდაცვის კოდექსზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიდგომა დისკრიმინაციულია - „ამ კანონში არის დისკრიმინაციული მიდგომა და დისკრიმინაცია“, - თქვა ნაკაიძემ და ომბუდსმენს რეაგირებისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, 21 სექტემბერს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო თავდაცვის კოდექსი. შემოთავაზებულ ცვლილებებს მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა.
მიღებული დოკუმენტით ახლებურად ყალიბდება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური, რომლის თანახმადაც, წვევამდელები სავალდებულო 6,8 და 11-თვიან სამხედრო სამსახურს გაივლიან. მათი გადამზადება თავდაცვის სამინისტროში მოხდება.
ამავე კანონპროექტის მიხედვით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში მართლმადიდებლური სასულიერო პირების გარდა ყველა სხვა რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლებს გაიწვევენ.
თავდაცვის კოდექსს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა.