სპეცსამსახურებთან თანამშრომლობით ცნობილი, მეტსახელად "წურბელა" - ასე ახასიათებენ ოპოზიციაში გიორგი სოსიაშვილს - პარლამენტის ახალ წევრს "ქართული ოცნებიდან". საზოგადოების ყურადღება სოსიაშვილმა საპარლამენტო ტრიბუნიდან ოპოზიციის - ძირითადად კი ნაციონალური მოძრაობის ლანძღვით მიიქცია, არადა სააკაშვილის ხელისუფლების დროს რამდენიმე თანამდებობაზე მუშაობდა.
ყოფილი "ნაციონალი" პარლამენტში ახლა იმ პოლიტიკას აკრიტიკებს, რომლის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი თავადაც იყო. ჯერ გორში რესურს-ცენტრს ხელმძღვანელობდა, მოგვიანებით კი ერთგულება დაუფასეს და 2008 წლიდან 2023 წლამდე გორის უნივერსიტეტის უცვლელი რექტორი იყო.
შუალედური არჩევნების შემდეგ პარლამენტის წევრის თანამდებობას იკავებს, მან საკანონმდებლო ორგანოში გიორგი ხოჯევანიშვილი ჩაანაცვლა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მის წინააღმდეგ პროკურატურაში თაროზე შემოდებული სისხლის სამართლის საქმეც დევს, რომელიც უნივერსიტეტში საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას უკავშირდება.
ავტორი: დავით კობიძე