ამერიკის შეერთებული შტატები დაზვერვის შეფასებებს აქვეყნებს, სადაც გაშიფრულია სქემა როგორ მუშაობენ სხვადასხვა ქვეყანაში რუსეთის აგენტები.
ირკვევა,რომ კრემლი ჯაშუშებს, სოციალურ ქსელებსა და რუსეთის სახელმწიფო მედიას მთელ მსოფლიოში დემოკრატიული არჩევნების მიმართ საზოგადოების ნდობის შესარყევად იყენებს. Reuters სახელმწიფო დეპარტამენტის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს,რომ არჩევნებში გავლენის მოსახდენად ოპერაციის გააქტიურებისკენ რუსეთს ამერიკის 2020 წლის არჩევნების თაობაზე დეზინფორმაციის გავრცელებაში მიღწეულმა წარმატებამ უბიძგა.
ამავე ინფორმაციით, ამერიკული დაზვერვის მონაცემები და რუსული აგენტურის მუშაობის სქემა უკვე დაგზავნილია ამერიკის 100-ზე მეტ საელჩოში ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. ვაშინგტონი ქვეყნებს რომელთანაც დიპლომატიური ურთიერთობები აქვს, მოუწოდებს მიიღონ ზომები არჩევნებში რუსეთის ჩარევის ეფექტის შესამსუბუქებლად. ასეთ ზომებს შორისაა სანქციები, ინფორმაციის გაცვლა და რუსი ჯაშუშების გაძევება.