ორიოდე თვის წინ თბილისის ცენტრში ცეცხლი გაჩნდა, რომელიც საბოლოოდ არ გასცდენია ლოკალური ხანძრის მაშტაბებს და დედაქალაქის მაცხოვრებლები ტექნოგენური სახის კატასტროფას უბრალოდ გადაურჩნენ. საქმე ეხება კინო-არქივში დაცულ ფირებს, რომელიც სწრაფადაალებადი და მაღალი ტოქსიკურობის მასალაა. განადგურებულია ქართული კინოს არქივის უდიდესი ნაწილი, ფირების დედნები და არავის შეუფასებია, რამდენად ჩაანაცვლებს ამ საგანძურს ინფორმაციის ელექტრონულ მატარებლებზე გადატანილი კინო-არქივი.
თუმცა, მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩვენ ამ თემით დავინტერესდით, ხელისუფლების ზერელე და გულგრილი დამოკიდებულებაა. მორიგ ჯერზე, როცა სახეზე იყო კონკრეტული რისკი, რაც ეროვნულ საგანძურს ემუქრებოდა, როცა სახეზე იყო კონრკეტული პრობლემა, რასაც შესაძლოა ადამიანური მსხვერპლიც გამოეწვია, ხელისუფლების რეაგირებამ იმდენად დააგვიანა, რომ საქმე ხანძრამდე მივიდა.
არადა შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ადასტურებს, რომ კინოსაცავში არსებული პრობლემების შესახებ პასუხიმსგებელი პირებისთვის დიდი ხნით ადრე იყო ცნობილი. თუმცა, შესყიდვის დროულად ჩატარება და ახალი საცავის მოწყობა დროში გაიწელა. და ეს მაშინ, როცა იგივე ხელისუფლების წარმომადგენლები დაჩქარებული წესით ყიდულობენ მაგალითად მანქანებს და სარესტორნო მომსახურებას. და ამას გადაუდებელი საჭიროებით ხსნიან ხოლმე. ხანძრის რისკი და ეროვნული საგანძურის სამუდამოდ დაკარგვის საფრთხე კი რატომღაც არავინ შეაფასა გადაუდებელ საჭიროებად.