თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორს ნანა შარიქაძეს თანამდებობაზე ყოფნის 4-წლიანი ვადა ამოეწურა. შარიქაძემ Facebook-ზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა სადაც მუშაობის პერიოდი შეაჯამა. ის წერს, რომ კონსერვატორიისთვის "აკადემიური თავისუფლება და ავტონომიურობა კვლავ გამოწვევად რჩება".
მისივე თქმით, რეფორმა ნამდვილად გასატარებელია, "ოღონდ სისტემაში და ურიგო არ იქნებოდა მისი კულტურის სამინისტროდან დაწყება".
"არ მახსენდება, ბოლოს როდის ვმუშაობდით მშვიდ, კეთილგანწყობილ გარემოში. მაგრამ მახსენდება კულტურის სამინისტროში დახურულ კარს მიღმა შეხვედრა, რომლის მსგავსიც მხოლოდ არქივში მაქვს წაკითხული. მხედველობაში მაქვს 2023 წლის 11აპრილი და მისი შემდგომი პერიოდი- ურთულესი პერსონალურად ჩემთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც ჩემთან ერთად ესწრებოდნენ იმ შეხვედრას და ალბათ იმათთვისაც, ვინც ამ ომში ბრმა იარაღად გამოიყენეს, ან თავიანთი სურვილით გამოაყენებინეს თავი. მჯერა, რომ მოვა დრო, როცა 11 აპრილის შეხვედრაზე მყოფნი იტყვიან, რომ იქ არ ყოფილან... და მაინც ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი ფასი იმ დღეს თქვენ გადაიხადეთ.
ჩემს აზრზე კვლავაც ვრჩები, რომ აკადემიური თავისუფლება და ავტონომიურობა კვლავ გამოწვევად რჩება კონსერვატორიისთვის, როგორც არ უნდა შეიფუთოს ის.
რეფორმა კი ნამდვილად გასატარებელია, ოღონდ სისტემაში და ურიგო არ იქნებოდა მისი კულტურის სამინისტროდან დაწყება.
მადლობა მინდა გადავუხადო ყველას ამ 4 წლის მანძლზე გაწეული თავდაუზოგავი შრომისთვის. მადლობა მათ, ვინც ამ ომში არ მიმატოვა, ჩემს გვერდით იდგა და მამხნევებდა; ჩემს გუნდს (სახელებს არ ჩამოვწერ), იმ ადამიანებსაც, რომლებიც ამას ღიად არ/ვერ აკეთებდნენ (იმის შიშით რომ სამიზნე არ გამხდარიყვნენ), და მადლობა მათაც, ვინც ეს ომი საკუთარი ვიწრო ადამიანური სურვილების მიღწევის შესაძლებლობად აღიქვა... ამ კრიზისმა გამოავლინა საუკეთესო ღირსეულებში და ფსკერი წახდენილებში", - წერს შარიქაძე.
შარიქაძე რჩება კონსერვატორიაში, როგორც ლექტორი და იმედს გამოთქვამს, რომ პროფესიულ საქმიანობას შეუფერხებლად გააგრძელებს.