
უკრაინის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში, რუსული ძალების მიერ გაშვებული ყველა საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
საუბარია 13 ერთეულ შაჰიდის 136/131 დრონზე, ასევე მართვად საჰაერო რაკეტასა და კიდევ ერთ უპილოტო საფრენ აპარატზე, რომლის ტიპიც დადგენილი არ არის.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ცნობით, მტერმა უკრაინას შაჰიდებით სამხრეთიდან შეუტია, ამავდროულად, სუ-34 თვითმფრინავიდან რაკეტა გასროლილ იქნა ზაპოროჟიეს დროებით ოკუპირებული ტერიტორიის საჰაერო სივრციდან, გაურკვეველი ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი კი, სავარაუდოდ ჩრდილოეთ საზღვრიდან გაუშვეს.
„საზენიტო სარაკეტო დანაყოფების, მობილური საცეცხლე ჯგუფების, საჰაერო ძალების ავიაციის წარმატებული საბრძოლო მუშაობის წყალობით, უკრაინის თავდაცვის ძალების საჰაერო თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობით, განადგურდა ყველა საჰაერო სამიზნე“, - ნათქვამია რეზიუმეში.
22-23 ოქტომბრის ღამეს უკრაინაში საჰაერო განგაში იყო. თავდაპირველად სარაკეტო საფრთხის გამო განგაში გამოცხადდა დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადის, მიკოლაივის, ხერსონისა და ჩერკასის რაიონებში, რასაც მალევე დაემატა კამიკაძეების დრონების დარტყმის საფრთხეც.
სარაკეტო განგაში გამოცხადდა დონეცკისა და ზაპორიჟიეს რეგიონებშიც.