"ბრიტანეთის მთავრობას მიაჩნია, რომ აფეთქება ალ აჰლის საავადმყოფოში, სავარაუდოდ, ღაზიდან იყო გამოწვეული" | სუნაკი

გამოქვეყნდა:

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა რიში სუნაკმა დეპუტატებს განუცხადა, რომ დაზვერვის არსებული  მონაცემების საფუძველზე, " დიდი ბრიტანეთის მთავრობას მიაჩნია, რომ აფეთქება [ღაზის სექტორში ალ აჰლის საავადმყოფოში], სავარაუდოდ, გამოწვეული იყო ღაზიდან ისრაელის მიმართულებით გასროლილი რაკეტით ან რაკეტის ნაწილით".

როგორც BBC წერს, თავდაპირველად, სუნაკი, ისევე როგორც სხვა მსოფლიო ლიდერები, თვლიდა, რომ საავადმყოგოზე ირეიში ისრაელმა მიიტანა, რადგან გასული კვირის ტრაგედიის შემდეგ, ღაზას სექტორის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ დაადანაშაულა ისრაელი აფეთქებაში და თქვა, რომ საავადმყოფო მიზანმიმართული საჰაერო დარტყმით ააფეთქეს.

მოგვიანებით, ისრაელმა გამოაქვეყნა მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს აფეთქებაში პალესტინის სხვა დაჯგუფების, "ისლამური ჯიჰადის" მონაწილეობის შესახებ.

გარდა ამისა, სუნაკის თქმით, აფეთქების გამომწვევ მიზეზებზე თავდაპირველად არასწორმა ინფორმაციამ "ნეგატიური გავლენა მოახდინა რეგიონზე, მათ შორის, მნიშვნელოვნად შეარყია აშშ-ს კრიტიკული დიპლომატიური ძალისხმევა". ასევე, ხელი შეუწყო დაძაბულობის გამწვავებას ისრაელის მხარდამჭერებსა და პალესტინელების დამცველებს შორის თავად დიდ ბრიტანეთში.

"ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ სიტუაციიდან და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ მომავალში ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ გამოვიტანოთ“, - ამბობს სუნაკი თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას.

ცნობისთვის, თავდაპირველად ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერმინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ორმხრივი შეხვედრის დროს ღაზის საავადმყოფოს დაბომბვაზე თქვა, რომ "როგორც ჩანს, ეს სხვა ჯგუფმა გააკეთა და არა თქვენ". 

შეგახსენებთ, რომ "ჰამასი" საავადმყოფოს აფეთქებაში ისრაელს ადანაშაულებს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა გამოაქვეყნეს ფოტოები და აცხადებენ, რომ ისლამური ჯიჰადია პასუხისმეგებლი, და რომ აფეთქება მათ მიერ რაკეტის წარუმატებელ გასროლას მოჰყა. ისლამური ჯიჰადის მოძრაობამ უარყო ისრაელის ბრალდება და განაცხადა, რომ ის არ იყენებს საჯარო დაწესებულებებს, როგორიცაა საავადმყოფო სამხედრო მიზნებისთვის. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი