შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლნისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 27 წლის კაცი დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 6 საბრძოლო ვაზნა ამოიღო. შემთხვევა სოფელ ქვემო ბოლნისში 4 ივნისს მოხდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 ივნისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისის ტერიტორიაზე, წარსულში არსებული დაპირისპირების გამო, ნაცნობი - 1988 წელს დაბადებული ი.ზ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, - წერია უწყების განცხადებაში.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.