კონტრაბანდის ბრალდებით აგარის პოლიციის უფროსი, იოსებ გელაშვილი დააკავეს. შსს-ს მაღალჩინოსანს უაქციზო სიგარეტი სავარაუდოდ ოკუპირებული სამაჩაბლოს ტერიტორიიდან შემოჰქონდა და მაღალი ალბათობით უკანონო საქმიანობას ის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან ერთად ეწეოდა.
გელაშვილი აგარის პოლიციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ბოლო 1 წლის განმავლობაში მუშაობდა. ის საკუთარ სახლში, სოფელ ქვენათკოცაში, სპეცოპერაციით დააკავეს.
გელაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. აგარის პოლიციაში მომხდარზე არ საუბრობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია ამავე უწყების მაღალჩინოსანს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვასაც ედავება. ამოღებულია უაქციზო სიგარეტი, ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდები და ფული.
დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, გელაშვილის გვარი გასულ წელს, სავარაუდო ძალადობის საქმეშიც ფიგურირებდა, რაზეც გამოძიებაც დაიწყო. არ არის გამორიცხული მას ახლა ბრალი დაუმძიმდეს.