პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელ ქალ დეპუტატებს შეხვდა. აუდიენცია ცოტა ხნის წინ დასრულდა.
ოპოზიციონერების თქმით, საუბრის მთავარი თემა ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია და კანდიდატის სტატუსის მიღება იყო. მათივე განცხადებით, პრეზიდენტი თავად ისაუბრებს თუ რას გეგმავს ამ მიმართულებით. სავარაუდოა, რომ კვირის ბოლომდე ზურაბიშვილი მედიასაც შეხვდება.
"8 ნოემბრის ანგარიში, ევროკომისიის, სამწუხაროდ, "ქართულმა ოცნებამ" მოახერხა ის. რომ ვერ იქნება მოწოდება, რომ კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს ქვეყანას, იმიტომ რომ "ქართულმა ოცნებამ" ჩააგდო ყველა მოთხოვნის შესრულებას.
ის არ აპირებს რომ დაემორჩილოს რუსეთის და მათი მოკავშირე ხელისუფლების მცდელობებს, რომ ჩავარდეს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის პერსპექტივა, ამ თვალსაზრისით, პრეზიდენტი აპირებს რომ გააგრძელოს შესაბამისი მოქმედება ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად, როგორ, ამას გაგაცნობთ თავად", - თქვა "ლელოს" დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა.
დეპუტატ ხათუნა სამნიძის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტისთვის არანაირ ბარიერს არ წარმოადგენს არც "ოცნების" მუქარა, არც გაუგებარი პოზიციები.
ხატია დეკანოიძის თქმით, ისაუბრეს მაუწყებლობის შესახებ კანონში მიღებულ ცვლილებებზეც.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანი წითლიძის განცხადებით, პრეზიდენტი "ბრძოლის ხასიათზეა" და ესმის, რომ ნებისმიერ მუქარაზე მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსის მისაღებად ბრძოლა.