ვერშემდგარი იმპიჩმენტის შემდეგ "ქართულ ოცნებას" სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური გეგმები აშინებს. როგორც ჩანს, ხელისუფლება პოსტზე დარჩენილ პრეზიდენტს უფრთხის. ირაკლი კობახიძე იმასაც კი აანონსებს, თითქოს სახელმწიფოს მეთაური წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პარტიის დაფუძნებას გეგმავს, რომელიც ივანიშვილის გუნდს ყოფილ პრემიერთან, გიორგი გახარიასთან და ექსსახალხო დამცველთან, ნინო ლომჯარიასთან ერთად დაუპირისპირდება.
თუმცა, "ოცნების" თავმჯდომარის ინფორმაციას არცერთი მხარე არ ადასტურებს. პარალელურად, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციასთან კონსულტაციებს განაგრძობს. დღეს ორბელიანების სასახლეში დახურულ კარს მიღმა თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის ქალი დეპუტატი იყო მიწვეული. პოლიტიკოსებთან შეხვედრის შემდგომ კი ათონელის რეზიდენციაში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები გამოჩნდნენ.