ორი ათეული ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა გასულ კვირას უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმების დროს ერაყსა და სირიაში ამერიკულ ბაზებზე - აცხადებს აშშ-ის ცენტრალური სარდლობა. ერთი ამერიკელი სამოქალაქო კონტრაქტორი კი გულის შეტევით გარდაიცვალა, თუმცა სარდლობის ცნობით, ეს არ მომხდარა თვითმფრინავის თავდასხმის დროს.
მათივე ცნობით, ამერიკელ სამხედროებს მსუბუქი დაზიანებები აქვთ მიღებული და ამჟამად ყველა მათგანი უკვე დაუბრუნდა მოვალეობის შესრულებას.
პენტაგონის პრესმდივანი პეტ რაიდერი ამბობს, რომ გასულ კვირას დრონებისა და რაკეტების გამოყენებით, აშშ-სა და მისი მოკავშირეების ბაზებზე იერიში ერაყში, სულ მცირე 10-ჯერ, ხოლო სირიაში 3-ჯერ მიიტანეს. რაიდერის თქმით, დაჯგუფებებს, რომლებიც ახორციელებენ თავდასხმებს, მხარს უჭერენ ირანი და მისი ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი.