
პატივს ვცემთ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების მოსაზრებებს, მაგრამ ჩვენი გადაწყვეტილებები ეფუძნება საქართველოს ინტერესებს - ასე პასუხობს ეკონომიკის მინისტრი, ვიცეპრემიერი ლევან დავითაშვილი ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, აშშ-ის სენატში გაკეთებულ განცხადებებს შავ ზღვასთან დაკავშირებით.
დავითაშვილის თქმით, ანაკლიის პორტი გეგმის მიხედვით ვითარდება.
"ჩვენ გადავედით საინტერესო ეტაპზე. პირველი ეტაპი დასრულდა და ახლა გვყავს ორი ფინალისტი, უკვე კონკრეტული წინადადების განხილვის ეტაპზე, რომელიც რამდენიმე თვიანი პროცედურაა, რომელსაც საერთაშორისო, წამყვან საკონსულტაციო ექსპერტულ კომპანიებთან ერთად ვახორციელებთ. პარალელურად მიდის სამშენებლო ტექნიკური დავალების მომზადება საზღვაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით." ამბობს დავითაშვილი.
პუტინს შავი ზღვისთვის არაფერი სურს უკეთესი გარდა იმისა, რომ ის რუსეთის ტბად, მისი საჰაერო სივრცე კი ფრენის აკრძალულ ზონად აქციოს -ეს განცხადება კი რესპუბლიკელმა სენატორმა, პიტ რიკეტსმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, ევროპის ქვეკომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც საქართველოზე იმსჯელეს.