
უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც ლარსის სასაზღვრო პუნქტზე 2 კვირა ღამეებს ათევდნენ, საქართველოში შემოვიდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია Volunteers Tbilisi ავრცელებს.
"25 ოქტომბერს, გვიან ღამით, 7 მამაკაცი თბილისში, დიდუბის ავტოსადგურში ჩამოვიდა. ამ ეტაპზე მამაკაცები მოხალისეების დახმარებით უკრაინაში დაბრუნებისთვის საჭირო დოკუმენტებს იღებენ". - აღნიშნავს ორგანიზაცია.
საუბარია ყოფილ უკრაინელ პატიმრებზე, რომლებიც 2022 წლის შემოდგომაზე რუსებმა ძალდატანებით გადაიყვანეს რუსულ კოლონიებში.
უკრაინის 7 მოქალაქე საქართველოს საზღვარზე 14 დღის განმავლობაში ცდილობდა შემოსვლას, ისინი ღამეს ქართულ საგუშაგოზე 11 ოქტომბრის შემდეგ ათევდნენ. თავდაპირველად ინფორმაცია გამოცემა Meduza-მ გაავრცელა. მათივე ცნობით, ერთ-ერთმა მოქალაქემ პროტესტის ნიშნად თვითდაზიანებებიც მიიყენა.