საქართველოს ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი ჩინეთში ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტ პუტინთან ერთად ბანკეტს დაესწრო და რუსეთის პრეზიდენტის სიტყვის გამოსვლასაც მოუსმინა. სიტყვით გამოსვლას უსმენდა ჩინეთში საქართველოს ელჩიც. ინფორმაცია გუშინ "ტაბულამ" გამოქვეყნებულ ვიდეოებზე დაყრდნობით გაავრცელა.
საუბარია 18 ოქტომბერს გამართულ სარტყლისა და გზის ფორუმზე, სადაც საქართველოს ვიცე-პრემიერი და ელჩი, არჩილ კალანდია წარმოადგენდნენ. სტრატეგიულ პარტნიორ ჩინეთთან ქართველ დიპლომატს წესით ღონისძიების ყველა დეტალი წინასწარ უნდა ჰქონოდა გავლილი.
ჯერჯერობით არცერთ ოფიციალურ სტრუქტურას აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება არ გაუვრცელებია. ფაქტს არ გამოხმაურებია არც ლევან დავითაშვილი.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ მინისტრმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. მათივე განცხადებით, ხელისუფლებას არჩევანი გაკეთებული აქვს და მნიშვნელოვანია ოლიგარქიული მმართველობა რაც შეიძლება მალე ჩამოშორდეს ხელისუფლებას.