პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რიკოთის მაგისტრალის 27-კილომეტრიანი მონაკვეთი გახსნა. სიტყვით გამოსვლის დროს მან თქვა, რომ დღეის მდგომარეობით 261 კილომეტრი მაგისტრალი არის გახსნილი, აქედან 193 "ქართული ოცნების" დროს აშენდა და გაიხსნა.
აღნიშნული მონაკვეთი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევთან იწყება და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაბა შორაპანთან მთავრდება.
"ყველაზე რთული, გამოწვევებით აღსავსე, მე ასე ვიტყოდი მონაკვეთი იყო რიკოთის მონაკვეთი, რომელიც მიჩნეული იყო და არის ჯერ კიდევ როგორც ერთ-ერთი ყველაზე რთული და გამომწვევი მონაკვეთი, მაგრამ თქვენ უყურებთ, რომ აშენდა 4-ზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალი და რა თქმა უნდა, გრძელდება ეს პროცესი. ჩვენ დღეს საზეიმოდ გავხსენით 27 კილომეტრი", - თქვა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ეს გზა მოიცავს 65 ხიდს და 38 გვირაბს.
მთავრობის ცნობით, ახალი მონაკვეთი რიკოთზე გადაადგილების მანძილს 8 კმ-ით, ხოლო გადაადგილების დროს 25 წუთით შეამცირებს.