ირაკლი კობახიძის დღევანდელ ლექციაზე თსუ-ში, სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი ზვიად ცეცხლაძე შემდეგი შინაარსის წარწერიანი ბანერით - “ვუყუროთ ოკუპაციას თუ ვიზამთ რამეს?" - შევიდა და კობახიძეს შეკითხვები დაუსვა, რა რესურსი აქვს ხელისუფლებას, აღმოფხვრას ინციდენტები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება. ცეცხლაძემ კობახიძეს მაგალითად მოუყვანა ბოლო პერიოდის მოვლენები - ოჩამჩირეში რუსული ბაზის განთავსება, ლომისას წმინდა გიორგის ტაძრის გარშემო არსებული ვითარება და ირაკლი ბებუას ტყვეობა.
სტუდენტმა კობახიძეს მიმართა, რომ ამ ფაქტებზე კომენტირებისას მმართველი ძალა ძირითადად წინამორბედს ადანაშაულებს, თუმცა მისივე თქმით, ის რაც ახლა ხდება, პასუხისმგებელი სწორედ ახლანდელი ხელისუფლებაა.
ირაკლი კობახიძემ სტუდენტს შეკითხვებზე უპასუხა, თუმცა პასუხი იმით დაიწყო, რომ მომავალში სალექციო დროს, "ესეთი თემები" აღარ წამოჭრან:
"გიპასუხებთ, ერთადერთი იმას გთხოვთ, რომ სამომავლოდ ესეთი თემები ნუღარ გვექნება. ოთხშაბათს შეგვიძლია პარლამენტში ვიზიტი და იქ შეგვიძლია ვისაუბროთ არასალექციო თემებზე. მათ შორის რასაც თქვენ მეკითხებით, ბევრი ინფორმაცია შემიძლია მოგაწოდოთ მაგასთან დაკავშირებით.
ზოგადად რაც შეეხება იქ არსებულ ვითარებას მუდმივი სირთულეები არსებობს. 2008 წლიდან, როდესაც ეს საზღვარი გაივლო. თავის დროზე, რატომ მოხდა ეს არ ვიცი, მაგრამ იურიდიულად ხელისუფლების გადაწყვეტილებით 2006 აღდგა "სამხრეთ ოსეთის" საზღვარი. რაც იყო ძალიან მძიმე, რბილად, რომ ვთქვათ, გადაცდომა და იქიდან მოყოლებული არის ეს პრობლემა. მერე მოხდა ე.წ. აღიარება, არის ე.წ. საზღვარი გავლებული და მუდმივ რეჟიმში ვიცით, რომ გვყავს, რბილად რომ ვთქვათ, რთული მეზობელი და მუდმივ რეჟიმში გვიწევს სამართლის სიმძიმეებთან გამკლავება.
როგორც წესი, მიყვებიან იმ ძველ რუკას, რომელიც არსებობდა კომუნისტების პერიოდში...
უზრუნველყოფა ხდება იმისა, რომ არ მოხდეს დამატებით ქართული ტერიტორიების მიტაცება, განსაკუთრებით სალოცავების და ა.შ. დეტალური ინფორმაცია შემიძლია მოგაწოდოთ პარლამენტში " თქვა კობახიძემ სტუდენტის პასუხად.
აღსანიშნავია, რომ ზვიად ცეცხლაძეს ირაკლი კობახიძის დაცვამ, რომელიც ლექციის დროს, აუდიტორიაში იდგა, გაშლილი ბანერის დაკეცვა მოსთხოვა.
ვიდეო "დაფიონი"