"ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო კამპანია ლიდერის გარეშე დაიწყო. რეგიონებში მმართველი პარტიის კანდიდატების წარდგენასა და მოსახლეობასთან შეხვედრას ბიძინა ივანიშვილი არსად ესწრება. 6 თვიანი გაუჩინარების შემდეგ ოლიგარქი ბოლოს 20 ივლისს მაჟორიტარი დეპუტატების წარდგენისას გამოჩნდა. ახლა კი ქართული ოცნების თავმჯდომარე მოსახლეობას ისევ ემალება. აპირებს თუ არა ის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მიღებას, პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ აპირებს, თუმცა როდის შეუერთდება ივანიშვილი პროცესს ეს სავარაუდოდ არც თავად პარლამენტის სპიკერმა იცის.
პარტიის ოფიციალური ინფორმაციით, თავმჯდომარე აბასთუმანში იმყოფება. მეუღლესა და რამდენიმე სასულიერო პირთან ერთად ის სალოცავის კურთხევას დაესწრო. სანამ პარტიის ლიდერი ლოცულობს, დანარჩენი წევრები საარჩევნოდ მთავარ მესიჯად ისევ სიძულვილის ენასა და 9 წელს იყენებენ. პარტიის სახეები საარჩევნო კამპანიის დროსაც საუბრის დიდ ნაწილს კვლავ წინა ხელისუფლების შეცდომებზე საუბარს უთმობენ. ოპონენტების მიმართ ყველაზე აგრესიული თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს დედაქალაქის მერმა ჩაანაცვლა.
ქვეყნის არაფორმალური მმართველის გაუჩინარებამ ოპოზიციას 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაახსენა. მაშინ 6 წუთიან ვიდეომიმართვაში ოლიგარქი განსაკუთრებულ ყურადღებას იმ ამომრჩევლებზე ამახვილებდა, რომლებიც „ქართული ოცნების“ მმართველობასთან დაკავშირებით იმედგაცრუებული იყო. ბიძინა ივანიშვილი მაშინ პირობას დებდა, რომ მათ ხალხის უკმაყოფილების მიზეზი ესმოდა და ყველაფერს გამოასწორებდა. ორი წლის შემდეგ კვლავ არაფერი შეცვლილა. მმართველი გუნდის ოპონენტები ეჭვობენ რომ ოლიგარქი იგივე შინაარსითა და ფუჭი დაპირებებით 2020 არჩევნების მოახლოებამდე გამოჩნდება.
გაუჩინარებულ ბიძინა ივანიშვილზე საუბრობენ "ქართული ოცნების" ყოფილი თანაგუნდელებიც. მმართველი პარტიის ყოფილი წევრები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილს ამომრჩეველი იმდენჯერ მოატყუა, რომ ახლა სათქმელი აღარაფერი დარჩა და იძულებულია დაიმალოს. ოპოზიციის წევრების ვარაუდით მაშინ, როცა არაფორმალური მმართველი კვლავ იგრძნობს მოახლოებულ საფრთხეს ის დამაჯერებელი დაპირებებით ისევ გამოჩნდება.
არავინ იცის ბიძინა ივანიშვილის ადგილსამყოფელი. არჩევნებამდე კი ორი თვე რჩება. უცნობია ისიც თუ რა გეგმას ამზადებს გამოჩენამდე ქვეყნის არაფორმალური მმართველი.