ვიდრე საქართველოს ვიცეპრემიერი პუტინთან ერთად სადილობს, რუსები ამ დროს ოჩამჩირეში ახალ სამხედრო ბაზას აშენებენ თავისი ფლოტისთვის. ვიდრე ღარიბი ქვეყნის მდიდარი პრემიერი ოკუპანტებისთვის ყველაფრის დათმობას თავის წარმატებად აცხადებს, რუსეთი სულ უფრო მყარად მკვიდრდება საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, ვიდრე ცალკეული სასულიერო პირები საქართველოს ეროვნული, ხუთჯვრიანი დროშის აღმართვას პროვოკაციად აცხადებენ, ქართული ოცნება ქვეყანას სულ უფრო ღრმად მიათრევს რუსულ ჭაობში. ვიდრე საქართველოს ხელისუფლება საკუთარ ხალხს გამოგონილი ომით და რუსული კონსპირაციებით ზაფრავს, ჩვენს გარშემო ახალი გეოპოლიტიკური რეალობა იქმნება რომელსაც თუ დროულად არ გავუსწორეთ თვალი, ჩვენი ქვეყანა საბოლოოდ გაქრება მსოფლიო რუკიდან.
გადარჩენისთვის კი უსაფრთხოების მყარი გარანტიებია საჭირო და არა სუვერენიტეტის საკუთარი ნებით გაუქმება და ქვეყნის მტრისთვის ჩაბარება, რასაც ოცნება ვითომ პრაგმატული პოლიტიკის სახით გვთავაზობს.
რეალურად კი მისი თითოეული ნაბიჯი სულ უფრო აშორებს საქართველოს მშვიდობის რეალური გარანტიებისგან. დღეს, როგორც არასდროს მსოფლიო ისტორიაში, შავი ზღვა განსაკუთრებული მნიშვნელობის რეგიონი ხდება, როგორც ევროპის კონტინენტის ისე გლობალური უსაფრთხოებისთვის. ამავე ცივილიზაციური დაპირისპირების გაგრძელებაა ახლო აღმოსავლეთში გამწვავებული კონფლიქტი.