8 ბაობაბიდან 3 ფოთის პორტში რჩება | ხეების ტრანსპორტირებით დაზიანებულ გზაზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

გრიგოლეთიდან ფოთისკენ მიმავალ გზაზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. მაგისტრალი მთელი ღამის განმავლობაში გადაკეტილი იყო. გზებზე მოხსნილია სარეკლამო ბანერები, ბოძები, შუქნიშნები. გაკაფულია ხეები. 5-ზე მეტ სოფელს ღამით ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.

მიზეზი იმ ხეების ტრანსპორტირებაა, რომლებიც  "ქართული ოცნების" დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილისთვის კენიიდან ჩამოიტანეს. 8 ბაობაბი ფოთის პორტში 10 დღის წინ შემოვიდა. მათგან 5 სასტუმრო "პარაგრაფის" ტერიტორიაზე გადაიტანეს, 3 კი კვლავ ადგილზეა. ერთ-ერთი ვერსიით, მათ გადატანას ივანიშვილი მთაწმინდაზე გეგმავს.

აღნიშნულისთვის საპატრულო და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები,  სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და მერიის მაღალჩინოსნები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და ხეებს გზას უთავისუფლებდნენ. სამი მუნიციპალიტეტიდან ჩამოიყვანეს კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები და სპეციალური ტექნიკაც.

"შემოვიდა ფოთის პორტში აფრიკიდან ბაობაბის ხეები და ერთი კაცის ახირებაზე მთელი ქალაქი, არა მარტო ქალაქი, ასევე გრიგოლეთი შეკვეთილის ცენტრალური მაგისტრალი იყო პარალიზებული. მოიხსნა შუქნიშნები, საგზაო ნიშნები და გარკვეული პრობლემები შეუქმნა მოსახლეობას", - ამბობს ფოთის საკრებულოს წევრი, არჩილ ხულორდავა.

ამ ეტაპზე ადგილზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა უცნობია ვინ ფარავს ხარჯებს.

"დილის 5 საათიდან მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, რომელიც გამოწვეულია მორიგი სიგიჟით, რაც ახასიათებს ამ ხელისუფლებას, ხეები გადაჰქონდა ბატონ ბიძინას და მე მინდა კითხვა დავსვა საზოგადოებასთან, როდემდე უნდა ვუყუროთ, აი, ამას? აი, ასეთი სიტუაცია პირდაპირ მაგონებს შუა საუკუნეებს, როდესაც ფეოდალიზმი იყო ჩვენს ქვეყანაში, ბატონს ემსახურებოდა მისი გარემოცვა," - ამბობს ოპოზიციის წარმომადგენელი, ირაკლი ლაბარტყავა.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი