თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარეგრიგორიადისის მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. სხდომაზე საქმის პროკურორები ამტკიცებდენენ, რომ ლაზარე გრიგორიადისის ტელეფონიდან მოპოვებული მტკიცებულებები იძლევა საფუძველს, რომ სამართალდამცავების მიმართ განხორციელებულ ძალადობას რამდენიმე პირი გეგმავდა, თუმცა, რა მტკიცებულებებზეა საუბარი, ამაზე პროკურორებს ღიად არ უსაუბრიათ.
პროცესი 1 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. პროცესზე გადაიკითხა გრიგრიადისის საქმის გამომძიებელიც, რომელმაც ლაზარე თავდაპირველად დაკითხა. ასევე სასამართლო პროცესზე გრიგორიადისი ამბობდა, რომ მას გამომძიებელმა არ მისცა უფლება, რომ გამოკითხვის პროცეს მისი უფლებადამცველი დასწრებოდა. აღნიშნულს შსს უარყოფს.
რაც შეეხება ლაზარე გრიგორიადისის უფლებადამცველებს, მათი თქმით, ლაზარეს დაკავება ხელისუფლების მხრიდანაა დაკვეთილი და უკვე 7 თვეა სახელმწიფო დანაშაულის დამტკიცებას ცდილობს, თუმცა ჯერჯერობით ვერცერთი მტკიცებულება ვერ იპოვეს, რითიც ლაზარეს ბრალეულობას დაამტკიცებს.
"დღევანდელ სხდომაზე დაიკითხა გამომძიებელი თამარ ბახია, რომელმაც უშუალოდ ჩაატარა ლაზარე გირგორიადისი გამოკითხვა. ბახიამ განაცხადა, რომ თითქოს ლაზარე გრიგორიადისს განუმარტა მისი უფლებები, კერძოდ ადვოკატის ყოლის უფლება, რომელზეც, როგორც ბახია ამტკიცებს ამაზე ლაზარე გრიგორიადისმა უარი განაცხადა. ეს არის სიცრუე. საქმის მოცემული ვიდეო მტკიცებულებები ჩვენთვის არ წარმოადგენს მტკიცებულება, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარეს საქმეში აქვს წარმოდგენილი", - ამბობს ლიკა ბითაძე.
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა წარადგინოს, რადგან პატიმრობის 9 თვიანი ვადა უკვე იწურება. შემდეგი სასამართლო სხდომა 2 ნოემბერს ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შსს-ს მტკიცებით, მან 7 მარტის საპროტესტო აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელების მიმართ, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მას ასევე ბრალი ედება პოლიციის კუთვნილი მანქანის დაწვაში.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.