"ქართული ოცნების" დეპუტატი, მამუკა მდინარაძე სპეკულაციურს უწოდებს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრის პარლამენტში დაბარებას. საქმე ეხება ბანკეტს, რომელსაც ლევან დავითაშვილი ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტ პუტინთან ერთად დაესწრო.
მდინარაძემ "ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ გუშინ გაჟღერებული ნარატივი გაიმეორა, რომ "დიდი ოცეულის" სამიტს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ესწრებოდა.
კითხვაზე, რატომ არ დატოვა შეხვედრა დავითაშვილმა პუტინის გამოსვლის დროს, მდინარაძე ამტკიცებს, რომ "ყველა ჯერზე ამ ფორმატების დემარშმა შეიძლება გამოიწვიოს ამ ორგანიზაციებთან გარკვეული კითხვები".
"ვახშამი პუტინთან ისე ლაპარაკობთ, თითქოს დავითაშვილი და პუტინი ისხდნენ ერთი ერთში და ვახშმობდნენ და საუბრობდნენ გემრიელად რაღაცაზე. როდესაც ათეულობით და ასეულობით ქვეყანა იღებს გარკვეულ ფორმატებში მონაწილეობას, თქვენ როგორც ჩანს მოგვიწოდებთ, რომ ამ ფორმატებიდან გამოვიდეთ. მაგალითად გაერთიანებული ერების ორგანიზაციიდან, სადაც ასევე შეიძლება რაღაც შეხვედრა რომ იყოს იყვნენ რუსეთის წარმომადგენლები, მათ შორის პუტინი, იმ ფორმატში იღებს მონაწილეობას. [...] მანამდე იყო G20-ის შეხვედრა, სადაც ბლინკენი და ლავროვი ერთად ისხდნენ", - თქვა მდინარაძემ.
ჟურნალისტმა დეპუტატს შეახსენა, რომ ამერიკის 20% არ აქვს ოკუპირებული რუსეთს, რაზეც მდინარაძემ უპასუხა "როგორ არის ახლა ამერიკელებს არ აინტერესებთ ჩვენი არაფერი და დასავლელებს?!"
"თქვენ გინდათ, რომ გამოვიდეთ ყველა ფორმატიდან, სადაც რუსეთი იღებს მონაწილეობას და საერთოდ იზოლირებული ვიყოთ დანარჩენი მსოფლიოსგან და ეს თუ გინდათ არ გამოვა. [ ჩინეთზეა ლაპარაკი] ჩინეთზეა ლაპარაკი ხომ, ჩინეთზეა, ჩინეთი რომ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს, ნეტა ბევრი ქვეყანა უცხადებდეს ისე", - თქვა მდინარაძემ.
ცნობისთვის, "ევროოპტიმისტები" ამ საკითხზე ლევან დავითაშვილს პარლამენტში იბარებენ.