საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა, ოჩამჩირეში, რუსული ბაზის განთავსებასთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი შეიმუშავა, რომელსაც მმართველი პარტიის ხელმოწერა არ აქვს. განცხადება ამის შესახებ პარლამენტში მიმდინარე სესიაზე, რეზოლუციის ინიციატორმა, თეონა აქუბარდიამ გააკეთა და დანარჩენ ოპოზიციასაც მოუწოდა, გაკეთდეს საერთო განცხადება რუსეთის განგრძობით ოკუპაციასთან დაკავშირებით:
"ჩვენ პარლამენტში რამდენიმე დეპუტატმა პარტია "საქართველოდან" და მე, დავაინიცირეთ რეზოლუციის პროექტი, რომლის მიზანი იყო ჩვენი პარტნიორების მხრიდან მომხდარიყო სათანადო შეფასება ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში, რუსეთის სამხედრო მუდმივი ფლოტის განთავსებასთან დაკავშირებით, ისევე როგორც, მომხდარიყო რეაგირება და პრევენცია იმისა, რომ ჩვენი ოკუპირებული რეგიონები არ გამხდარიყვნენ რუსეთისა და ბელარუსის სამოკავშირეოს სახელმწიფოს წევრები.
თქვენ ალბათ ამ უაზრო მსჯელობაში გამოგეპარათ, მაგრამ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლები არიან ახლა მინსკში და თითქოს მერე რა? არც არაფერი არ ხდება, მაგრამ მცდელობა ყოველ შემთხვევაში, რომ ჩვენი ოკუპირებული რეგიონები შევიდეს ამ გაერთიანებაში, არსებობს და სწორედ ეს იყო ამ რეზოლუციის მიზანი, რომ ეს ორი ფაქტი შეეფასებინა საქართველოს პარლამენტს და მოეწოდებინა პარტნიორებისთვის, დაგმობისკენ.
მე მოვისმინე კიდევ ერთხელ გუშინ, მათ შორის, თავდაცვის კომიტეტზე კომიტეტის თავმჯდომარის განცხადება, რომ ოჩამჩირეში ინფრასტრუქტურის გაფართოება არსებითად არ ცვლის რისკებს. ისევე როგორც სუს-ის განცხადება იყო ამასთან დაკავშირებით, რომ 3 წელი კიდე ვერ იქნება აქ ბაზა. თუმცა, ამ მოცემულობაში ჩვენ ვხედავთ ტაქტიკას, რომ რეზოლუციის განხილვა გაიწელოს, ისე როგორც ეს სხვა რეზოლუციების შემთხვევაში მოხდა და პარლამენტის ერთიანი პოზიცია ამასთან დაკავშირებით არ იყოს ჩამოყალიბებული იმიტომ, რომ პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არც ერთ რეზოლუციას რომელსაც ოპოზიცია აინიცირებს, ხმას არ მისცემენ და იმავდროულად ითქვა, რომ პრესის დეპარტამენტის განცხადების იქით, საგარეო საქმეთა სამინისტროსი, არ წავა საქმე.
შესაბამისად, მე მინდა ვთხოვ ჩემს კოლეგებს ოპოზიციიდან რომ საერთო განცხადება გაკეთდეს რუსეთის განგრძობით მილიტარიზაციასთან დაკავშირებით ნატოსა და ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების სახელზე" თქვა თეონა აქუბარდიამ.
5 ოქტომბერს გამოცემა Известия - ში ასლან ბჟანიას ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც იგი ამბობს რომ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ ოჩამჩირის რეგიონში, რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზის მოწყობა იგეგმება. მისივე ცნობით, "შეთანხმებას" მხარეებმა უკვე მოაწერეს ხელი.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი გამოეხმაურა და ბჟანიას განცხადებას შემაშფოთებელი უწოდა.
საზღაო ფლოტის მოსაწყობად აქტიური სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.