
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ოჯახის ბინა იალტაში, ოკუპირებულ ყირიმში, რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმმა აუქციონზე გაყიდა. რუსეთის მოქალაქემ ბინა 44 მილიონ რუბლად (477 000 დოლარად) იყიდა. რუსული პროპაგანდისტული მედიის, Ria Novosti-ის ინფორმაციით, ბინა ოფიციალურად ოლენა ზელენსკას სახელზე იყო რეგისტრირებული.
რუსმა ოკუპანტებმა 2023 წლის თებერვალში განაცხადეს, რომ ნახევარკუნძულზე უკრაინის საკუთრებაში მყოფი ასობით უძრავი ქონების "ნაციონალიზაცია" მოხდებოდა.
სერგეი აქსიონოვმა, რუსეთის მიერ დანიშნულმა ოკუპირებული ყირიმის მმართველმა სექტემბერში განაცხადა, რომ იმ "უცხოელების" უძრავი ქონება "რომლებმაც რუსეთის მიმართ არამეგობრული ქმედებები ჩაიდინეს", გაიყიდება.
ვლადიმერ კონსტანტინოვმა, რუსეთის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელმა ყირიმში განაცხადა, რომ ზელენსკას ბინის ახალ მფლობელს "შესთავაზებენ" შექმნას "ნაციზმის წინააღმდეგ ბრძოლის მუზეუმი".
რუსებმა ყირიმში ასევე დაიკავეს ნახევარკუნძულზე უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის კუთვნილი ეკლესიები.