ქართული ოცნება ბოდიშის მოხდას ოპოზიციისგანაც ითხოვს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ირაკლი ბერაიას უცენზურო და შეურაცხმყოფელ განცხადებებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ბერაიამ ბოდიში უკვე მოიხადა, რაც შეეხება მისი გადადგომის მოთხოვნას, ამაზე სამხარაძე არაფერს ამბობს.
"ბატონმა ბერაიამ ამასთან დაკავშირებით ბოდიში მოიხადა უკვე. შესაბამისად, მისი მხრიდან მან თვითონვე აღიარა, რომ ზედმეტი მოუვიდა, თუმცა ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით ბოდიშს ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგებისგან იმ ეპითეტები გამო, რომელსაც ისინი თვეების განმავლობაში ქართული ოცნების დეპუტატებს, მათ შორის, ქალ დეპუტატებს ეუბნებიან ხოლმე და აყენებენ შეურაცხყოფას, ჩვენ არასოდეს მათგან ბოდიში არ მოგვისმენია." ამბობს სამხარაძე.
თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ბერაიამ ოპოზიციონერ ქალ დეპუტატს, თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფა გუშინ, პარლამენტის სხდომაზე მიაყენა. უცენზურო გამონათქვამებისთვის, ოპოზიცია და თავად თეონა აქუბარდია ბერაიას გადადგომას ითხოვს, თუმცა "ქართული ოცნება" ამაზე არაფერს ამბობს და მხოლოდ ბერაიას ბოდიშით აპელირებს.