პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს დააფასონ "ქართული ოცნების" დეპუტატის, ირაკლი ბერაიას მიერ ბოდიშის მოხდა და "როგორმე" ოპონენტებმაც დაამკვიდრონ ასეთი პრაქტიკა.
მისივე თქმით, არ ახსენდება ოპოზიციიდან არავინ, ვისაც აქამდე ბოდიში მოეხადა.
"რაც შეეხება გუშინდელ შემთხვევას, ბატონმა ირაკლიმ, მე მგონი, ძალიან ცხადად განაცხადა ამასთან დაკავშირებით, მის გამოსვლას ჰქონდა შინაარსობრივი ნაწილი, რომელსაც ყველა ვიზიარებთ, შინაარსობრივი ნაწილი, რაც შეეხებოდა კრიტიკას, რაც შეეხება იმ ნაწილს, სადაც იყო პიროვნული გარკვეული ეთიკური ჩარჩოებიდან გასვლის საკითხი მან თქვა, რომ რა თქმა უნდა იმის ფონზე რაზეც მას ჰქონდა საუბარი შეიძლება იყო გარკვეული გასვლა და ამის გამო ბოდიშიც მოიხადა.
მე არ მახსენდება არც ერთი, ოპოზიციიდან ვინმე, ერთი ადამიანი, ქალი ან კაცი, ვინმეს ბოდიში მოეხადა საერთოდ, რაც აქ მაგალითად ქალბატონ თეა წულუკიანს აკადრა ოთხმა ქალმა დეპუტატმა, რაც სხვა დროს ყოფილა. ამიტომ, მე ვფიქრობ, ერთი რამე თუ გამოიტანთ დასკვნას გუშინდელი დღიდან არის ერთი რამე რომ შეიძლება ყველას მოუვიდეს რაღაც ასეთი გადაცდომა, მნიშვნელოვანი მომენტია, რომ ბატონმა ირაკლიმ, რაც შეეხებოდა მისი გამოსვლის ბოლო 5 წამს, სადაც მან თქვა კიდევაც, რომ გადაამეტა ამ მხრივ, მან მოიხადა ბოდიში, მოდი დავაფასოთ ეს ბოდიში და ეს კულტურა იქნებ როგორმე თქვენთანაც დაამკვიდროთ და როგორმე ბოდიშის მოხდა თქვენც შეძლოთ ხოლმე", - თქვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ პლენარულ სხდომაზე "ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ბერაიამ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფა მიაყენა. ამავე სხდომაზე "ოცნების" კიდევ ერთმა დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა შეურაცხყოფა მიაყენა ანა წითლიძეს. შალვა პაპუაშვილს მათთვის მიკროფონი არ გამოურთავს და არც სიტყვა შეუწყვეტინებია.
მოგვიანებით ბერაიამ ბოდიში მოიხადა, თუმცა ოპოზიცია ითხოვს, რომ ბერაიამ დატოვოს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა.