PEN AMERICA: ვხედავთ ხელისუფლების მცდელობას, მთლიანად იქნას განადგურებული დამოუკიდებელი ხელოვნება საქართველოში

გამოქვეყნდა:

ამერიკის პენ ცენტრი საქართველოში კულტურის სფეროში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. ანგარიშში საუბარია ხელისუფლების მცდელობაზე, პოლიტიკურ გავლენას დაუქვემდებაროს კულტურა. საუბარია ასევე ხელოვანების დევნასა და რეპრესიებზე. 

"ვხედავთ ხელისუფლების მცდელობას, რომ მთლიანად იქნას განადგურებული დამოუკიდებელი ხელოვნება საქართველოში. ჩვენ ამ მონაცემებს ვაგროვებთ 2021 წლიდან და თითქმის ყველა ადამიანი, ვისთანაც  გვისაუბრია, ამ პრობლემებს უკავშირებს კულტურის სამინისტროს ახალ ხელმძღვანელობას, რომელიც 2021 წელს დაინიშნა" ამბობს "მთავართან" საუბარში ანგარიშის ერთ-ერთი ავტორი პალინა სადოვსკაია. 

პენ ცენტრი რეკომენდაციით გამოდის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ  შეწყვიტოს კულტურის სფეროს დევნა და პერსონალური რეპრესიების განხორციელება ამ სფეროს წარმომადგენლების მიმართ. 

"განხილულია ბოლო 3 წლის განმავლობაში ეროვნულ მუზეუმში, ეროვნულ კინოცენტრში, მწერალთა სახლსა და სახელმწიფო თეატრებში განვითარებული მოვლენები. საკადრო ცვლილებების, ბუნდოვანი რეორგანიზაციის, დამოუკიდებელი ინსტიტუციების დამოუკიდებლობის შეზღუდვის და პოლიტიკური შეხედულებების გამო ადამიანების დევნის ფაქტების ანალიზი . სადაც ხელისუფლება ცდილობს აკონტროლოს და ჩაახშოს ყველა კრიტიკული ხმა და შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება.

კულტურის დათრგუნვა, ისევე როგორც კულტურის ცნობილი მოღვაწეების და ინსტიტუტების გამოყენება მთავრობის დღის წესრიგის გასაძლიერებლად, ავტორიტარული რეჟიმების მეთოდებია მთელ მსოფლიოში. კულტურის მოღვაწეები დიდი გავლენით სარგებლობენ საზოგადოებაში და მათ მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ ღია და დემოკრატიული კულტურის ფორმირებაში. ამიტომ, თვალი არ უნდა დავხუჭოთ იმაზე, თუ როგორ დევნიან და ავიწროებენ მთავრობები დამოუკიდებელ აზროვნებას, რომელიც საზოგადოებებს განსხვავებული მომავლის წარმოდგენის შესაძლებლობას აძლევს. როდესაც კულტურის სივრცეებში მხოლოდ ისინი არიან წარმოდგენილნი, ვინც ხელისუფლების ხაზს აძლიერებს, ამით სიგნალი ეგზავნება განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს, რომ მათ თვითგამოხატვას არ მიესალმებიან და იქმნება თვითცენზურისა და იზოლაციის კულტურა" - ნათქვამია ანგარიშში. 

დოკუმენტის ავტორები თვლიან, რომ კულტურის სფეროში მიმდინარე პროცესები დადებით გავლენას არ იქონიებს არც ქვეყანაში დემოკრატიის მდგომარეობაზე და არც საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი