კორუფციამ საქართველოში უკიდურესი – „სახელმწიფოს მიტაცების“ ფორმა მიიღო - ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" კვლევაში - მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევები. ორგანიზაცია განახლებულ სიას აქვეყნებს, რომელშიც შესულია ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მიერ მიღებული სახელმწიფო ქონება, ნინოწმინდის საკრებულოს მაღალჩინოსნის ბიძის მიღებული 3 მლნ ლარამდე შესყიდვები, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის შვილის სახელზე გაფორმებული ბიზნესი და ქონება, ყოფილი თანამდებობის პირების 28 მილიონიანი სახელმწიფო შესყიდვები. ასევე, ჟურნალისტური გამოძიებების ინფორმაცია ჯავახეთში, სუმბატ და სეირან კიურეღიანების ქონებაზე:
სუმბატ და სეირან კიურეღიანების მფლობელობაში მონაკოს სახელმწიფოზე უფრო დიდი, რამდენიმე მილიონი კვ. მ ფართობის მიწაა. სუმბატ კიურეღიანი 2020 წლიდან „ქართული ოცნების“ დეპუტატია პარლამენტში, მანამდე 2012-2020 წლებში ის ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარე იყო. მამამისი, სეირან კიურეღიანი კი 17 წელი ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყო. სუმბატ კიურეღიანი, მისი ცოლი, დედა, მამა და შვილი ჯამში ჯავახეთში დაახლ. 3 800 000 კვ. მ მიწას ფლობენ.
"გამჭვირვალობის" სიაში სულ 151 მაღალი დონის სავარაუდო კორუფციის შემთხვევა, რომელშიც სულ მცირე 162 მაღალი რანგის თანამდებობის პირი ფიგურირებს.
მათ შორის, 13 მოსამართლეა, 28 პარლამენტის წევრი, 28 მთავრობის წევრი და|ან მოადგილე, 54 მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირი.
მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო „შემთხვევების შინაარსი და მასშტაბი, რაოდენობა და ზრდის დინამიკა იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ქვეყანაში მაღალი დონის კორუფცია „კლეპტოკრატიის“ სახეს იღებს, როდესაც სახელმწიფოს მმართველები იყენებენ პოლიტიკურ ძალაუფლებას, რათა მიითვისონ ქვეყნის სიმდიდრე - წერს TI.
ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოში კორუფციული დანაშაულის აღკვეთაზე პასუხისმგებელი ორგანოები (გენერალური პროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური) ქმედითი რეაგირების გარეშე ტოვებენ მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევებს. განსაკუთრებით, თუ მასში მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირები ფიგურირებენ. მაგალითად, პროკურატურისა და სუს-ის გასული წლების ანგარიშები აჩვენებს, რომ ყველაზე მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც კორუფციული დანაშაულისთვის დააკავეს - მერი და ყოფილი გუბერნატორია. რეაგირების გარეშე რჩება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ პერიოდულად გაგზავნილი შემთხვევები, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ვალდებული არიან გამოძიება დაიწყონ.