EU-სა და ნატოს წევრობის გზაზე წინსვლის გასაგრძელებლად, აუცილებელია პოლიტიკური დევნის დასრულება და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება | ჭიაბერაშვილი რაუს განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობა" პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, ზბიგნევ რაუს განცხადებას ეხმაურება, რომელმაც მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით ისაუბრა. ბრიფინგზე ზურაბ ჭიაბერაშვილმა მადლობა გადაუხადა პოლონეთს, რომელიც, მისი თქმით, ყველა მთავრობის პირობებში უპირობოდ უჭერდა და უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

"გვსურს, მადლობა ვუთხრათ პოლონეთს, რომელიც, საქართველოს სხვა მეგობრებთან ერთად, მუდმივად აყენებს პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხს საერთაშორისო არენაზე და საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობაში.

პრეზიდენტ სააკაშვილს თავისი გათავისუფლება საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის წინაპირობად არ დაუყენებია. იმავდროულად, ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის გაუგებარია, როგორ უნდა გააგრძელოს წინსვლა ქვეყანამ, მათ შორის, ევროკავშირისა და ნატოს წევრობის მიმართულებით, თუ საქართველოში იქნება პოლიტიკური დევნა და მიხეილ სააკაშვილი დარჩება პატიმრობაში.

ჩვენ კვლავაც ხაზს ვუსვამთ იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის უკანონო და უსამართლო პოლიტიკური პატიმრობა წინააღმდეგობაშია ევროკავშირის 12 რეკომენდაციის საკვანძო საკითხებთან - ესენია დეპოლარიზაცია, კანონის უზენაესობის დამკვიდრება, სამართლიანი სასამართლოს უფლების განხორციელება. ყველაზე დიდი პროდასავლური ოპოზიციური პარტიის - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებლისა და ლიდერის ციხეში ყოფნა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ეჭვქვეშ დააყენებს ამ არჩევნების სამართლიანობას. [...] 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ვაცხადებთ", რომ სტატუსის საკითხის გადაწყვეტის პარალელურად, იმისათვის, რომ საქართველოს ევროკავშირისა და ნატოს წევრობის გზაზე წინსვლა გააგრძელოს, აუცილებელია საქართველოში პოლიტიკური დევნის დასრულება და პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლება", - თქვა ჭიაბერაშვილმა.

მისივე თქმით, ევროკავშირის დროშა პოლიტიკური სიმბოლიკის ნაწილად სწორედ მიხეილ სააკაშვილმა აქცია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი