
ბიძინა ივანიშვილის გიგანტური ბაობაბის ხეების მოგზაურობა გრძელდება - კენიიდან ჩამოტანილი ბაობაბები შავი ზღვით კაპროვანში ჩაიტანეს. ხეების ტანსპორტირებისთვის ქვიშიან სანაპირო ზოლს ჭრიან და ბეტონის ფილებს აგებენ.
ადგილზე მომუშავე პირები "მთავარი არხის" კითხვებს "იუმორით" პასუხობენ:
"ხიდი შეგვყავს ურეკამდე ხალხისთვის სასეირნოდ. ურეკამდე უნდა დავარტყათ კრუგი, სასეირნო ხიდს ვაკეთებთ. [...] ვინ აფინანსებს ამას? მსოფლიო ბანკი, მე ოპერატორი ვარ ექსკავატორის. ჩვენ დაგვავლეს გავაკეთოთ ხიდი ურეკამდე, მერე ფოთს შევუერთებთ".
გიგანტური ხეების დასაბინავებლად სახელმწიფო სტრუქტურებს საგანგებო რეჟიმში უწევთ მუშაობა - რამდენიმე დღეა საპატრულო და კრიმინალური პოლიციის, მერიისა და საგანგებო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ივანიშვილის ხეებისთვის გზებს ათავისუფლებდნენ.
ამ მიზეზით კი ფოთი-გრიგოლეთის გზაზე ელექტროენერგიის სადენები ჯერ ისევ დაზიანებულია. ადგილობრივების ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია.