სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 1-ლი ნოემბრის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლითაც 3-წლიანი გამოსაცდელი ვადის ამოწურვის შემდეგ, მოსამართლე ნინო გიორგაძე თანამდებობაზე უვადოდ არ დანიშნეს.
ორგანიზაციის შეფასებით, ამ გადაწყვეტილებით საბჭომ გადაუხვია არსებული პრაქტიკიდან, რაც მიზნად ისახავს სისტემის შიგნით კრიტიკული აზრის ჩახშობას.
როგორც SJC წერს, მიღებული გადაწყვეტილება მკაფიოდ მიუთითებს, რომ:
"ნინო გიორგაძის მიერ პრობლემურ საკანონმდებლო ცვლილებებზე საჯაროდ გაჟღერებული კრიტიკა, სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ მის უვადოდ დანიშვნაზე უარი მიზნად ისახავს სისტემის შიგნით კრიტიკული აზრის ჩახშობას. ამგვარი საყურადღებო პრეცედენტი დამატებით საფრთხეს უქმნის ინდივიდუალურ მოსამართლეთა დამოუკიდებლობას, მათი გამოხატვის თავისუფლებას და შეუქცევად ზიანს აყენებს სასამართლო ხელისუფლების მიმართ არსებულ ისედაც მწირ საზოგადოებრივ ნდობას. მიღებულ გადაწყვეტილებაში საბჭოს მოსამართლე და პარლამენტის მიერ ახლადარჩეული არამოსამართლე წევრების „ერთსულოვანი თანხმობა“ კი მკაფიოდ მიუთითებს საბჭოში კრიტიკული აზრის ნაკლებობაზეც...
ნიშანდობლივია, რომ ნინო გიორგაძე ერთ-ერთი იყო მოსამართლეთა იმ მცირე ჯგუფიდან, რომელმაც ღიად გააპროტესტა პარლამენტის მიერ 2021 წლის 30 დეკემბერს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები. კანონპროექტი პარლამენტმა საზოგადოების და თავად სასამართლო ხელისუფლების ჩართულობის გარეშე განიხილა და მან არსებითად გააუარესა ინდივიდუალურ მოსამართლეთა დამოუკიდებლობისა და გამოხატვის თავისუფლების სტანდარტები.
ამასთან, ნინო გიორგაძე იყო ეპარქიების მუნიციპალურ დაფინანსებაზე პრეცედენტული გადაწყვეტილების ავტორი, რომელიც ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ მიიღო და რომელზე დავასაც სოციალური სამართლიანობის ცენტრი ადგილობრივი აქტივისტების, სამირა ბაირამოვას და სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს სახელით 2019 წლიდან აწარმოებდა. აღნიშნულ საქმეში სასამართლომ რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციულად მიიჩნია და ბათილად ცნო მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების ის ნორმა, რომლის თანახმად რელიგიური საქმიანობის დაფინანსებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა (400 000 ლარი) სრულად გადაეცემოდა მხოლოდ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიას. კერძოდ, რელიგიური საქმიანობის დაფინანსების მიზნად თვითმმართველობის ბიუჯეტში განსაზღვრული იყო რელიგიური შემწყნარებლობის პროპაგანდა და მოსახლების სულიერების ამაღლება. ამგვარ მხარდაჭერას კი მეტწილად და მხოლოდ ადგილობრივი ეპარქია იღებდა. დაფინანსების ეს პრაქტიკა გარდა იმისა, რომ დისკრიმინაციული შინაარსის იყო და მხოლოდ ერთ რელიგიურ ორგანიზაციას აყენებდა უპირატეს მდგომარეობაში (მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმრავლესობა მუსლიმია), ის სეკულარული სახელმწიფოს კონსტიტუციურ პრინციპთან მოდიოდა წინააღმდეგობაში და საჯარო რესურსების კონფესიური მიზნებისთვის გამოყენების პრაქტიკას ქმნიდა. სასამართლომ გაიზიარა სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებები სეკულარიზმის პრინციპთან დაკავშირებით და ვრცლად ისაუბრა ამ პრინციპის როლზე დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში. გადაწყვეტილება მწვავედ გააკრიტიკა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა.მოგვიანებით კი აღნიშნული საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაჩქარებულ ვადებში და მოსარჩელეების ეთნიკურ წარმომავლობაზე ნეგატიური რეპლიკების ფონზე განიხილა და არსებითი, ხელშესახები დასაბუთების გარეშე გააუქმა", - წერია განცხადებაში.
ორგანიზაცია ამბობს, რომ ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ აჩვენებს მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნის ინსტიტუტისა და კანდიდატების შეფასების საკანონმდებლო მოწესრიგების პრობლემურობას.