
პარლამენტს დაჩქარებული წესით წარედგინება "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებები, რითაც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრთა თანამდებობაზე განწესების მარეგულირებელი ნორმები იცვლება.
"ქართული ოცნების" დეპუტატები მიერ მომზადებული კანონპროექტით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრთა შერჩევის პრინციპებს კანონიერების, გამჭვირვალობის, კანდიდატების თანასწორობის, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპები ემატება.
პროექტით განისაზღვრება, რომ მთავრობის მიერ წარსადგენი კანდიდატურების შესარჩევად საკონკურსო კომისია შეიქმნება, რომელიც მიუკერძოებელი და კომპეტენტური პირებით უნდა დაკომპლექტდეს. აღნიშნული კომისია განაცხადებს გადაარჩევს და გასაუბრებას ყველა იმ კანდიდატთან გამართავს, ვინც განათლებისა და სამუშაო გამოცდილების საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებს. საკონკურსო კომისია განაცხადების გადარჩევისა და გასაუბრების შედეგების მიხედვით მთავრობას წარუდგენს რეკომენდაციას შესაბამის კანდიდატებთან დაკავშირებით. იცვლება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები და პროცედურები"
ასევე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურას ემატება წესი, რომლითაც კომუნიკაციების ეროვნული კომისია და ის კომისიის წევრი, რომლის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხიც იხილება, აღიჭურვება უფლებით წერილობით ან ზეპირად მიაწოდოს საკუთარი პოზიცია პარლამენტს.