უვადოდ ჩაკეტილი საჰაერო სივრცე, რომლის გახსნის თარიღი ჯერ ისევ უცნობია. მსოფლიო რუქაზე, საქართველო იმ იშვიათი ქვეყნების ჩამონათვალშია, სადაც თვითმფრინავები აღარ მოძრაობენ. მსოფლიო პანდემიის ფონზე, ევროპულმა ქვეყნებმა მაინც მოახერხეს, საჰაერო მიმოსვლის აღდგენა, თუმცა საქართველოს მოქალაქეები, უკვე თვეებია ელოდებიან როდის ექნებათ ქვეყანაში ჩამოსვლის ან ქვეყნიდან გასვლის შესაძლებლობა, მათ შორის არიან ის ადამიანებიც, ვისთვისაც საზღვარგარეთ გამგზავრება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
მოქალაქეები საჰაერო გზის ჩაკეტვას და საქართველოში იძულებით კარანტინს სოციალურ ქსელებშიც აპროტესტებენ. მათი პრობლემები ხელისუფლებისთვის ცნობილია, თუმცა როგორც ყოველთვის მმართველ პარტიას ხალხის ან არ ესმის, ან უბრალოდ არ უნდა რომ გაიგოს. მიღებული რეგულაციების გამო ქვეყანას ვერც ის ადამიანები ტოვებენ, რომლებსაც საზღვარგარეთ მკურნალობა სჭირდებათ და რომელთა სიცოცხლესაც სწორედ ამის გამო საფრთხე ემუქრება.
ამ პრობლემების მოსაგვარებლად სოციალურ ქსელებში არაერთი ჯგუფი შეიქმნა. აქ ერთიანდებიან, როგორც საქართველოში მცხოვრები ასევე ემიგრაციაში წასული მოქალაქეები. მათი მთავარი მოთხოვნა საჰაერო გზის გახსნაა. სწორედ ამიტომ მათ დაიწყეს პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება და არ გამორიცხავენ იმასაც, რომ ამ მოთხოვნით ქუჩებში აქციებიც გამართონ.
ევროპის ქვეყნებში სადაც Covid-19 ის უფრო მეტი დადასტურებული შემთხვევაა და გარდაცვალების შემთხვევებიც მაღალია ცხოვრებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ, თუმცა მმართველმა ძალამ საქართველოს საჰაერო სიცოცხლე ფაქტობრივად აუკრძალა. ხალხის მოსმენის მაგივრად ხელისუფლება იქცევა ისე, როგორც მმართველი პარტიის ლიდერებს აწყობთ. საქართველო ევროპისგან ჩაკეტეს, თუმცა ელოდებიან როდის აუნთებს რუსეთი მწვანეს, რომ გაგრძელდეს ოკუპანტ ქვეყანასთან ფრენები, მიუხედავად იმისა რომ ყველაზე არასანდო Covid-19-ის სტატისტიკა სწორედ აგრესორ ქვეყანას აქვს. "ქართულმა ოცნებამ" საჰაერო გზის გახსნა რამდენჯერმე გადადო და ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით არ არის გამორიცხული რომ ქვეყანამ კვლავ გაახანგრძლივოს ეს დრო.
ხელისუფლების ამ დამოკიდებულებას ქვეყნისა და ხალხის მიმართ მოღალატეობრივ ქმედებასთან აიგივებს ოპოზიცია. მათი თქმით "ოცნებას" ქართველ ხალხზე მეტად, რუსეთის პოზიცია აინტერესებს. მათ გაიხსენეს ისიც, რომ ყველაზე ხელმისაწვდომმა ავია კომპანია "ვიზიარმა" სწორედ ხელისუფლების ამ დამოკიდებულების გამო დატოვა საქართველო.
ვუჰანის პროვინციის საჰაერო გზაზე, სადაც Covid-19-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ფრენები არ შეწყვეტილა და მოქალაქეები იძულებით არ გამოუკეტავს ხელისუფლებას. სატრანსპორტო პოლიტიკაში მყოფი სპეციალისტები აცხადებენ, რომ ის რაც დღეს ამ მიმართულებით საქართველოში ხდება, უბრალოდ ოცნებას არჩევნებისთვის სჭირდება.
ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ექსპერტების თქმით ჯერ კიდევ 2 თვის წინ შეეძლო ხელისუფლებას საჰაერო გზის გახსნა და ახლა მათთვის უცნობია რატომ შეიძლება გაახანგრძლივოს "ოცნებამ" ეს დრო. მათი ერთადერთი ამოხსნა ის არის, რომ ხელისუფლებამ კრიზისის მართვა უბრალოდ არ იცის და ეშინია, რომ შეიძლება, გახსნის შემდეგ ეპიდსიტუაციის გართულებას ვერ გაუმკლავდეს.
ხელისუფლების ასეთი გადაწყვეტილების გამო რომ ქვეყანა უკიდურეს გაჭირვებაშია, ექსპერტები ღიად საუბრობენ. მათი განცხადებით, შესაძლოა ამ გადაწყვეტილების გამო ქვეყანამ წლის ბოლომდე 10 მილიარდი ლარი დაკარგოს.
გააგრძელებს თუ არა ხელისუფლება "რკინის კედლებში" საქართველოს მოქცევას ეს "ოცნების" პოლიტიკაზეა დამოკიდებული. საჰაერო გზის გახსნა რომ მალე არ მოხდება ამაზე მინიშნებებს მთავრობის წევრები უკვე აკეთებენ. უცნობია არჩევნების წინ რას თამაშობს ხელისუფლება და ამ ბარიკადების შექმნით რის მიღწევას ცდილობს, მაშინ როდესაც ხელისუფლებას საქართველოს მოქალაქეებს უბრალოდ არ უსმენს.