მაშინ, როცა უმძიმესი საქმეები და ყველაზე მძიმე დანაშაულები გაუხსნელია - პროკურატურა ცდილობს გააქროს ქვეყნის პრემიერის კვალი წერილიდან, რომელიც მან მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს გაუგზავნა. მუქარის წერილზე ლონდონის ექსპერტიზამ, 20 სხვადასხვა ნაბეჭდი აღმოაჩინა, საქართველოს პროკურატურამ კი ვერც ერთი- ყოველ შემთხვევაში, არც ერთი კონკრეტული პირი, საგამოძიებო უწყებას არ დაუსახელებია. შოთაძის უწყებამ მხოლოდ ის თქვა, რომ წერილზე, გიორგი გახარიას თითის ანაბეჭდი არ არის.
ათ თვიანი ძიების შემდეგ თბილისის პროკურატურამ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მისამართით გაგზავნილ მუქარის წერილზე გიორგი გახარიას ანაბეჭდები ვერ აღმოაჩინა, თუმცა რაზეც არ საუბრობს საქართველოს პროკურატურა, ბრიტანეთის ექსპერტიზამ უკვე დაადასტურა. ჩატარებული ექსპერტიზის მიხედვით ე.წ მუქარის წერილზე ოცი სხვადასხვა სახის დნმ-ის არსებობა დადასტურდა. არავინ იცის ვის ეკუთვნის აღნიშნული კვლები. საქართველოს მთავარი საგამოძიებო უწყება ამაზე დუმს.
მამუკა ხაზარაძემ წერილზე პირველად 2018 წელს, პარლამენტში გამართულ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე ისაუბრა. TBC ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი ამტკიცებდა, რომ მას მაშინდელმა შსს მინისტრმა მუქარის წერილი გაუგზავნა, რომელშიც მისი თქმით, გიორგი გახარია არაერთ მოთხოვნასთან ერთად "ტელეკომპანია პირველის" სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას მოითხოვდა. დღეს მედიასაშუალებებთან ბრალდების ადრესატი გამოჩნდა. მთავრობის მეთაურისთვის ამბავი სასაცილოა, ექსპერტიზაში მონაწილეობა კი მხოლოდ მოქალაქეობრივი ვალდებულების გამო მიიღო. გიორგი გახარიას მხარდამჭერი ტექსტით წარსდგა დღეს ჟურნალისტებთან ინფრასტრუქტურის მინისტრი.
მთავარ საგამოძიებო უწყებასა და ამბის მთავარ გმირს დღეს მამუკა ხაზარაძის თანაგუნდელებმა უპასუხეს. "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანის მტკიცებით ე.წ მუქარის წერილი გიორგი გახარიას ხელით არის გადმოცემული. ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ მიუხედავად არაერთი გარემოებისა, გიორგი გახარიას არ ჰყოფნის გამბედაობა აღიაროს თუ რატომ აშანტაჟებდა ის მამუკა ხაზარაძეს.
პროკურატურის დასკვნას უნდობლობას უცხადებს ოპოზიცია. მთავრობის ოპონენტები ამბობენ, რომ მთავარი საგამოძიებო უწყება გამოქვეყნებული დასკვნით პრემიერ-მინისტრის "გათეთრებას" და გამართლებას ცდილობს. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი გახარია ყველა გზით ცდილობს დამალოს შანტაჟის ფაქტი, ოპოზიცია ეჭვობს რომ მას პასუხისგება აუცილებლად მოუწევს.
ვინ გაუგზავნა მამუკა ხაზარაძეს მუქარის წერილი უცნობია. პროკურატურამ 10 თვიანი შესწავლა დაასრულა, მან მხოლოდ წერილზე გიორგი გახარიას დნმ-ის არსებობა უარყო. გამოძიება გრძელდება, თუმცა მას ოპოზიციაც და მამუკა ხაზარაძის თანაგუნდელებიც უნდობლობას უცხადებენ.