
"დღეს არ გვექნებოდა ჩაბეტონებული ქალაქი, რომ არა ივანიშვილის 11-წლიანი ოლიგარქიული მმართველობა" - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან ანთაძემ, განაცხადა.მან და საკრებულოს წევრმა, რეზო ხარაზმა, დღეს ბრიფინგი გამართეს. ოპოზიციონერები ახალი ბათუმის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ.
"დღეს ჩვენ ბათუმში არ გვექნებოდა სიღარიბე, არ გვექნებოდა უსულო და ჩაბეტონებული ქალაქი, არ გვეყოლებოდა იმედისგან დაცლილი ახალგაზრდობა, რომ არა ბიძინა ივანიშვილის 11-წლიანი ოლიგარქიული კორუფციული და კრიმინალური მმართველობა. მიხეილ სააკაშვილის და ლევან ვარშალომიძის განვითარების ხედვა და მოქმედება დაფუძნებული იყო ქალაქის კონცეპტუალურ განვითარებაზე, სიღარიბის დაძლევაზე, ახალგაზრდების განათლებაზე და მომავალზე. ეს ადგილი, სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, კარგად აჩვენებს იმ კონტრასტს, სააკაშვილის ოცნების შავი ზღვის მარგალიტს და ბიძინა ივანიშვილის მიტოვებულ და გაუბედურებულ ბათუმს შორის. ჭოროხის ხიდის შეჩერებული მშენებლობა მავნებლობის შესაშური მაგალითია.მიხეილ სააკაშვილი ამ ხიდის მშენებლობით ჩვენს თანაქალაქელებს უხსნიდა შესაძლებლობის ახალ ფანჯარას.
ეს ხიდი გახლავთ ბათუმისთვის სუნთქვის სიმბოლო და უნდა გამხდარიყო მორიგი ინვესტიციების ტალღის მიზიდულობის ცენტრი, რაც თავისთავად ნიშნავს მეტ სამუშაო ადგილს, მეტ დასაქმებულ ადამიანს, მეტ შემოსავალს ჩვენი თანაქალაქელებისთვის. ხიდის მშენებლობის შეჩერებით შეაჩერეს გონიო-კვარიათი-სარფის განვითარება. თავშივე ჩაკლეს გონიოს ყოფილ პოლიგონზე ახალი ტურისტული ქალაქის შესაძლებლობა, გაანადგურეს და საქონლის ბოსლად აქციეს გონიოს პრომინატი. დროა მოვიშოროთ "ქოცების' მავნებლური ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი მოვაშოროთ ხელისუფლებას და გავაგრძელოთ ქვეყნის და მათ შორის ბათუმის განვითარება. დღეს, რუსეთის ტყვეობაში იმყოფება არა მარტო მიხეილ სააკაშვილი, არამედ სრულიად საქართველო. თავისუფლება საქართველოს და თავისუფლება მიშას!" - განაცხადა ლევან ანთაძემ.