გაქცეული პატიმრების საქმე | დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული პირის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლო "ავერსის" კლინიკიდან 3 პატიმრის გაქცევის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულ ავთანდილ თათარაშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს. 

დანაშაულის  შეუტყობინებლობისთვის, ერთ-ერთი გაქცეული პატიმრის გუჯა თათარაშვილის ძმაა, რომელიც  იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გუშინ დააკავა.

საქმეზე დაკავებულია ასევე საბადრაგო ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელსაც სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. 

შეგახსენებთ, რომ "ავერსის" კლინიკიდან 3 პატიმარი 1-ელ ნოემბერს გაიქცა. კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია.

საბადრაგო ჯგუფის უფროსი კი სამართალდამცველებმა 2 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შეუსრულებლობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა გადაყვანისას მსჯავრდებულთა გაქცევა) წარედგინა. გუშინ სასამართლომ ის პატიმრობაში დატოვა. პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულმა სათანადო ყურადღება არ მიაქცია საბადრაგო ავტომობილში მყოფ მსჯავრდებულებს, რითაც მათ ისარგებლეს და გაქცევა მოახერხეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი