
საქართველოს არაფორმალური მმართველის გარშემო სანქციების წრე სულ უფრო და უფრო ვიწროვდება. სულ ახლახანს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსული სისტემა დაასანქცირა, ეს ის ფინანსური მონსტრია, რომელიც ივანიშვილის პირად მეგობარს, ევტუშენკოვს ეკუთვნის და რომელსაც ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიური პორტფელი აქვს რუსულ კომპანიებს შორის.
ამერიკის სანქიცებში ასეც იყო განმარტებული, რომ სანქციების მიზეზი ამ კორპორაციის შესაძლო მონაწილეობაა ორმაგი დანიშნულების პროდუქციის შექმნასა და იმპორტში. ევტუშენკოვი კი ის ოლიგარქია, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების პირველივე კვირას ურეკავდა ივანიშვილს და მარცვლეულის ბიზნესში დახმარებას სთხოვდა.
"კიბერ კმარას" სახელით გავრცელებული ჩანაწერის ავთენტიკურობა მაშინ თავად ევტუშენკოვმა დაადასტურა. და მაშინვე ჟურნალისტებს გაგვიჩნდა განცდა, რომ მარცვლეული რეალურად კოდური მინიშნება იყო რაღაც სხვაზე. ცნობისათვის, ამერიკულ სანქციებში ხაზგასმულია, რომ სანქცირებულია მთლიანად სისტემა, მისი შვილობილი კომპანიები და გამონაკლისია მხოლოდ სასოფლო სამეურნეო პროდუქციის წარმოება.
ერთი კვირით ადრე დასანქცირდა კვიპროსელი იურისტი, რომელიც რუს ოლიგარქებს, და მათ შორის ივანიშვილსაც, ტრანზაქციებში ეხმარებოდა. ამ კვიპროსელ იურისტს სხვათაშორის ივანიშვილთან ერთად კომპანიებიც კი ჰქონდა დაფუძნებული.
ახლა კი სულ რამდენიმე დღის წინ ისევ "კიბერ კმარას" სახელით გამოქვეყნდა კარასინი-აბაშიძის ჩანაწერი, რომელიც ადასტურებს, რომ ავიამიმოსვლის აღდგენა სწორედ "ქართული ოცნების" ინიციატივითა და ჩართულობით მოხდა. შესაბამისად, დიდი ალბათობით, ახლა ამ კონკრეტულ ფაქტს დასავლეთიდან კიდევ უფრო მძიმე სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.
ავტორი: ბექა ყორშია