
"საქართველოსთვის" პარტიიდან გარიცხული ბათუმის საკრებულოს წევრი, ნატალია ძიძიგური, ყოფილ თანაპარტიელებს, მათ შორის აკაკი გვიანიძეს, ზეწოლასა და პირადი ცხოვრებით შანტაჟში ადანაშაულებს.
ძიძიგური ამტკიცებს, რომ მას აიძულებდნენ შესულიყო ფრაქციაში, რომლის თავმჯდომარეც აკაკი გვიანიძე იქნებოდა, რაზეც უარი თქვა. ის ასევე ამტკიცებს, რომ გახარიას პარტია "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად მოქმედებს.
"მე მინდა გითხრათ, რომ ბოლო ერთი წელია ჩემზე ხორციელდებოდა ზეწოლა, დაშანტაჟება, იძულება იმისთვის, რომ მე შემექმნა ფრაქცია. ფრაქცია, რომელიც იქნებოდა, აი, ამ მიდგომების, კრიზისის გაღრმავების, დესტრუქციის და გაბოროტებული ხალხის სახე. ეს საკმაოდ მაღალი თანამდებობის [მქონე] პირებია პარტია "საქართველოსთვის" და მე შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ ეს იყო ბერდია სიჭინავა, ეს იყო შალვა კერესელიძე. ჩემზე განახორციელეს გაუგონარი შავი პიარი, რომელიც მე დამიჯდა პრაქტიკულად სიცოცხლის ფასად [...].
მაგათმა გამოიყენეს ჩემი პირადი ცხოვრება, იმ პერიოდისთვის დაძაბულობა პირად ცხოვრებაში და ეს ადამიანი გამოიყენეს ინსტრუმენტად ჩემ წინააღმდეგ. იმისთვის, რომ მე დამეცვა ჩემი თავი, ჩემი ოჯახი, მე მივმართე კონკრეტულ ნაბიჯებს. მე გამოვაწერინე შემაკავებელი ოქმი, მივმართე სასამართლოს", - აცხადებს ძიძიგური.
აღნიშნულს პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა ეხმაურება და ძიძიგურის ბრალდებებს "აბსურდულს" უწოდებს:
"წარმოდგენა არ მაქვს ნატალია ძიძიგურის პირად ცხოვრებაში რა ხდება არც ეხლა, არც მაშინ, რა პერიოდზეც საუბრობს. ერთადერთი რაც არის ცხადი, ნატალია ძიძიგური უკვე თვეების განმავლობაში თამაშობს "ოცნების" და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სცენარით და ჩვენს პოლიტიკურ პარტიაში ასეთი ადამიანების ადგილი არ არის. ძიძიგურმა იმდენად აბსურდული ბრალდება გააჟღერა, შესაძლოა პარტიამ დაიტოვოს უფლება ცრუ დასმენისთვის მიმართოს შესაბამის სამართალდამცავ უწყებებს და ამ ქალბატონის მიერ გაჟღერებულ განცხადებებთან დაკავშირებით მოხდეს სისხლისსამართლებრივი რეაგირება," - ამბობს სიჭინავა.
ცნობისთვის, მასალა განახლდა ბერდია სიჭინავას განცხადების შემდეგ.