ადვოკატი მამუკა ბლიაძე აცხადებს, რომ ვაკის პარკის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას ზედა ინსტანციაში გაასაჩივრებენ. ის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსის, გიგა გიგაშვილისა და ექსპერტის, ვახტანგ ლონდარიძის ინტერესებს იცავდა, რომლებიც დღეს დამნაშავედ ცნეს.
"რა თქმა უნდა, განაჩენი არის მკაცრი. ვაპირებთ გასაჩივრებას და რაც შეეხება ვახტანგ ლონდარიძის ნაწილში პირდაპირ ვიტყვი, რომ არ ველოდით ასეთ მკაცრ განაჩენს. ლონდარიძის ნაწილში შესაძლებელია და აღიარებდა კიდეც, მაგრამ რაც შეეხება შპს "ექსპერტიზა დიზაინის" ნაწილში განაჩენი არის უკანონო", - ამბობს ადვოკატი მამუკა ბლიაძე.
შეგახსენებთ, რომ სასამართლომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ორი პირი - მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსი, გიგა გიგაშვილი და ექსპერტი ვახტანგ ლონდარიძე - დღეს დამნაშავედ ცნო. გიგაშვილს 3 წლის ვადით, ხოლო ლონდარიძეს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
სასამართლომ გიგა გიგაშვილი დამნაშავედ ცნო სამსახურებრივ გულგრილობაში, ხოლო ლონდარიძე ყალბი ექსპერტიზის დასკვნის დამზადება-გამოყენებაში. მოსამართლემ ბრალდების მხარის პოზიცია სრულად გაითვალისწინა.
მოსამართლე გიზო უბილავამ დაადგინა "გრინსერვის პლუსის", შპს "მშენექსპერტისა" და "ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის" კანონდარღვევებიც, მათ ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმების - 250 000, 100 000 და 50 000 ლარის გადახდა დაეკისრათ.
ავტორი: საბა ბუაძე