"ავერსის" კლინიკიდან პატიმრების გაქცევის საქმეზე დაკავებულ საბადრაგო ჯგუფის წევრს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ ბრალდების მხარის პოზიცია გაიზიარა, დაცვის მხარე გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
სასამართლომ მანამდე კლინიკიდან გაქცეულ სამივე პატიმარს თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. პროცესს სამიდან ორი დაკავებული ესწრებოდა.
სასამართლომ ასევე იმსჯელა გაქცეული მსჯავრდადებულის - გუჯა თათარაშვილის - ძმის - ავთანდილ თათარაშვილისთვის აღკვეთის შეფარდებაზე. მას გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. ბრალდების მხარემ გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. კაცს 3 000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა.
ცნობისთვის, თბილისში, "ავერსის" კლინიკიდან 3 პატიმარი 1-ელ ნოემბერს გაიქცა. ისინი საავადმყოფოში კვლევებისთვის ჰყავდათ გადაყვანილი. სამივე გაქცეული მეორე დღეს დააკავეს. საქმეზე 2 ნოემბერს დააკავეს საბადრაგო ჯგუფის ხელმძღვანელი, ივერი ნატრიაშვილი, რომელსაც წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.