"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება გრძელდება - მიხეილ სააკაშვილის განცხადების შემდეგ, პარტიის ყოფილი და მოქმედი მენეჯმენტი ურთიერთბრალდებების რეჟიმში არიან.
საუბარია მესამე პრეზიდენტის იმ განცხადებაზე, რომელიც მან საკუთარ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას გააკეთა. მან პარტიის წევრებს მიმართა და თქვა, რომ გარკვეული პირების დაპირისპირება პარტიის შიგნით "ნაციონალური მოძრაობის" დასუსტებას ემსახურება.
"მიხეილ სააკაშვილმა ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ ნებისმიერი შიდა პარტიული არეულობა და მცდელობა შიდაპარტიული გაუგებრობების, არის ის, რაც უნდა დასრულდეს. და ყველა იმ ადამიანს, ვინც ხელს უწყობს შიდაპარტიულ არეულობას, მოუწოდა, რომ თუ რაღაც არ მოსწონთ ამ პარტიაში, შეუძლიათ წავიდნენ. ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა ამასთან დაკავშირებით. ყველა იმ ადამიანს, ვინც პარტიაში ხელს უწყობს იმას, რომ მთავარი სამიზნიდან, ივანიშვილიდან, ისრები გადავიდეს საერთოდ სხვაგან.
მელია სად არის იცით არალოგიკურ რაღაცაში? როდესაც საუბრობს მიხეილ სააკაშვილის ორმაგ ტყვეობაზე. ანუ, მაშინ რა გამოდის, რომ ბოლო სტატუსი ორმაგ ტყვეობაში რომ იყო, ისეთმა დაწერა? ძალიან არასერიოზულია", - ამბობს წითლიძე.
ნიკა მელიას გუნდში კი აცხადებენ, რომ მათ პატიმრობაში მყოფ პრეზიდენტთან დისკუსიებში შესვლა არ სურთ. თუმცა, ამბობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ახალი მენეჯმენტი სააკაშვილის განცხადებებით სპეკულირებს.
პარტიის წევრ დიმიტრი ბიძინაშვილის თქმით, "დატყვევებული ადამიანის განცხადებებს იყენებენ პირადი მიზნებისთვის," რაც მიუღებელია.
ასევე ნახეთ: