პროკურატურამ პანკისში, ჩაცმულობის გამო მამა-შვილზე ძალადობის ფაქტზე, 3 პირს ბრალი წარუდგინა.
უწყებამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე თელავის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით უკვე მიმართა.
პროკურატურის განცხადებით, დაკავებულებს ბრალად ედებათ დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება და არასრულწლოვნის ჯგუფურად ცემა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 8 აგვისტოს, ახმეტის რაიონის სოფელ ყვარელწყალში, შორტებში ჩაცმულ არასრულწლოვანსა და მის მამას, იმ მოტივით გაუსწორდნენ, რომ მათი ჩაცმულობა ეწინააღმდეგებოდა ადგილობრივ ადათ-წესებს. შედეგად, დაზარალებულებმა მიიღეს სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები, მათ შორის, ძვლის მოტეხილობა, - წერია პროკურატურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ პანკისში, ქუჩაში შორტებით სიარულის გამო მამა-შვილის ძალადობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს. დაზარალებულ მამას, გელა წელაურს ხელი აქვს მოტეხილი, დებეჟილი აქვს სახე და სხეული. მის არასრულწლოვან შვილს კი შედარებით მსუბუქი დაზიანებები აქვს.