პედაგოგი, რომელიც სოფელ ძევერის საჯარო სკოლაში 26 წელი სამოქალაქო განათლებასა და ისტორიას ასწავლიდა, სამსახურიდან გაუშვეს.
თამარ ბუხრაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკური ნიშნით მიიღეს და ამაზე პასუხისმგებლობას სკოლის დირექტორთან ერთად, "ქართულ ოცნებას" აკისრებს.
უსაფუძვლოდ მომივიდა გათავისუფლების ბრძანება. უსაფუძვლოს ვუწოდებ, რადგან მე საკმარისი კრედიტ ქულები მაქვს და ასევე ხუთ კრედიტიანი ტრეინინგები. არავითარ შემთხვევაში არ გავჩერდები. ვაპირებ ბრძოლას! - ამბობს თამარ ბუხრაძე.
იმავე სოფელში, განსხვავებული აზრის გამო შევიწროებაზე საუბრობს მაია სიჭინავაც. მან ცოტა ხნის წინ, საკრებულოს ის წევრი გააკრიტიკა, ვინც მინსკის ქუჩებში გამოსულ მოქალაქეებს ერის მოღალატეები უწოდა და პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენოკოს სოლიდარობა საჯაროდ გამოუცხადა.
თამარ ბუხრაძე და მაია სიჭინავა პარლამენტის წევრმა, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ბასიშვილმა მოინახულა, მათ "ოცნების" ხელისუფლების რეპრესირებულები უწოდა და სამართლებრივ დახმარებას დაპირდა. ბასიშვილი ამბობს, რომ პოლიტიკური ნიშნით და განსხვავებული აზრის გამოთქმის გამო ადამიანების დევნას ბოლო, არჩევნებში, "ქართული ოცნების" დამარცხების შემდეგ მოეღება.