კირბალში მეორე დღეა გლოვაა - რუსი ოკუპანტების მიერ მოკლულია ამავე სოფლის მკვიდრი, საქართველოს თავდაცვის ძალების ვეტერანი და 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე თამაზ გინტური. სოფელში არ გამორიცხავენ, რომ ეს რუსი სამხედროების შურისძიება იყო და ჩასაფრებაც სწორედ მის მოსატაცებლად იყო მოწყობილი.
"მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა ლომისის სალოცავის სიახლოვეს, სადაც რუსმა ოკუპანტებმა გინტური მოკლეს, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. იქვეა მოკლული გინტურის ავტომობილი, რომელიც ოკუპანტებმა ფერდობზე გუშინვე ჩამოათრიეს და დატოვეს.
ადგილობრივების თქმით, მას არაერთი ნატყვიარი აქვს. ისინი ვარაუდობენ, რომ გინტურს ზურგიდან ესროლეს, რადგან რამდენიმე ჭრილობა მას სწორედ ზურგის არეში აქვს.
"2008-ში იბრძოდა და და ეს რომ წაეყვანათ, მაინც მოკლავდნენ წამებით. იმიტომ, რომ ნაბრძოლი იყო...გამიზნულად მოკლეს. სანთლის ასანთებად ყოველ კვირას ადიოდა. ძალიან ბევრნი ყოფილან [ოკუპანტები], ბევრნი იყვნენ, თორე ერთი და ორი მაგას ვერავინ ვერაფერს ვერ უზამდა. უკანა ბეჭზე აქვს ნასროლი, თავის სიდენიაზეა მკვდარი.
[ჟურნალისტი: მანქანაში იყო ცეცხლი რომ გაუხსნეს?]
კი, კი," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ლომისის სალოცავი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლდებოდა, თუმცა რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვარი თვითნებურად მცოცავი ოკუპაციით გადმოწიეს და აგვისტოს ბოლოს სალოცავის კარი აჭედეს.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, გინტური და დოთიაშვილი ჯერ გინტურის მამის საფლავზე იყვნენ, შემდეგ კი აღნიშნულ სალოცავში სანთლის დანთება სურდათ. რა მოხდა შემდეგ ამ ადგილას, ზუსტად არავინ იცის. თვითმხილველი და მთავარი მოწმე დოთიაშვილი ამ დროისთვის ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში იმყოფება.