
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ კირბალში თამაზ გინტურის მკვლელობას ეხმაურება და დაღუპულის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
"უმკაცრესად ვგმობთ საქართველოს საოკუპაციო ხაზთან მომხდარ ფატალურ შემთხვევას, საქართველოს მოქალაქის მკვლელობას! რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეების მიერ ძალის გამოყენება მიუღებელია. თანავუგრძნობთ დაღუპულის ოჯახს!" - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. ღამით საგანგებო შეხვედრა გაიმართა ერგნეთში - როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, უმთავრესი მოთხოვნა გატაცებული ლევან დოთიაშვილის დაუყოვნებლივ დაბრუნება და დამნაშავეების სასწრაფო დასჯა იყო.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.