
ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალური მონაცემები ნათლად გვაჩვენებს, რომ ენგურჰესი საქართველოსთვის ფაქტობრივად გაჩერებულია და ის მხოლოდ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისთვის მუშაობს - აცხადებენ "ევროპულ საქართველოში". პარტიის წევრის, აკაკი ბობოხიძის თქმით, გაუგებარი და წარმოუდგენელია, რატომ არ იყენებს საქართველოს ხელისუფლება ენგურჰესის საკითხს პოლიტიკური წნეხისთვის, ირაკლი ბებუას გასათავისუფლებლად:
„ჩვენ ძალიან მალე წარმოგიდგენთ ხედვას, თუ რატომ და რა აინტერესის გამო მოხერხდა საქართველოს სასარგებლოდ 60-40-ზე წილის ცვლილება, ისე რომ დღეს მთელი წილი ახლა აფხაზეთში მიდის, თან ისე, რომ ეს არის უფასო ოკუპანტებისთვის და მაგ ენერგიიდანაც ძალიან მცირე ნაწილი მიეწოდება
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს. საქართველოს ხელისუფლებამ პასუხი უნდა გაგვცეს ორ რამეზე, ერთი - ამ ვითარებაში რატომ არ ხდება ენგურჰესის ბერკეტის პოლიტიკურად გამოყენება და მეორე - რანაირად მოხერხდა, რომ ენგურჰესი საქართველოს
ენერგოსისტემისთვის პრაქტიკულად განულებულია, როცა ის წარმატებით მუშაობს აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმისთვის?! - თქვა აკაკი ბობოხიძემ.
პარტიის კიდევ ერთი წევრის, გიორგი ნონიაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლების შემრიგებლური დამოკიდებულება ოკუპაციის მიმართ ტოტალურად დაუცველს ტოვებს საქართველოს მოქალაქეებს.
"ჩვენ გვაქვს ვითარება, როდესაც ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის უდიდესი ნაწილი საოკუპაციო რეჟიმთან მიდის და საქართველოს ფაქტობრივად არაფერი არ რჩება. ამ ვითარებაში ტოტალურად გაუგებარია, თუ რატომ არ იყენებს ამ ბერკეტს საქართველოს ხელისუფლება და პირიქით, წლიდან წლამდე უფრო აუარესებს მდგომარეობას“ - თქვა გიორგი ნონიაშვილმა.
"ევროპულმა საქართველომ" რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა საკუთარი ხედვა და დაასახელა ის 4 ბერკეტი, რომლის გამოყენების საშუალებაც აქვს საქართველოს ხელისუფლებას იმისთვის, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში, ტყვეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქე, ირაკლი ბებუა გათავისუფლდეს.