შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, ვალერიან თელია "მთავარ არხთან" საუბარში ამბობს, რომ საოკუპაციო ხაზთან მუდმივად პატრულირებს "საჭირო რაოდენობის" პოლიცია, თუმცა რამდენი სამართალდამცველი იყო გუშინ, კირბალში, როდესაც თამაზ გინტური მოკლეს, თელია არ აკონკრეტებს.
"რამდენიც საჭირო იყო, იმდენია... სპეცდანიშნულების რაზმიც არის მობილიზებული, აქვთ თავიანთი ბაზა, სადაც არიან დისლოცირებულები და ჩვენი პოლიციელები ასევე ახორციელებენ პატრულირებას. იქით ტერიტორიებზე ჩვენ არ გადავდივართ" ამბობს თელია.
კირბალის მაჟორიტარი დეპუტატი გორის საკრებულოში, კობა ბერიანიძე ამბობს, რომ კირბალის ნახევარს ოკუპანტები აკონტროლებენ, თუმცა კითხვაზე, დაცულია თუ არა საოკუპაციო ხაზი, ის გვპასუხობს - "როგორ უნდა გითხრა, დაცულია იმ შემთხვევაში, რომ ისევ საერთაშორისო ორგანიზაციების გვერდზე დგომა უნდა იყოს გააქტიურებული" - ამბობს ბერიანიძე.
შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ლომისას სალოცავში, სანთლის დასანთებად ასული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, კიდევ ერთი მოქალაქე- ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.