
"სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა გააგრძელებს ყველა კანონიერი ზომების მიღებას მისი სუვერენული ტერიტორიისა და საჰაერო სივრცის საზღვრების დარღვევისგან დასაცავად" - აცხადებს ოკუპირებული "სამხრეთ ოსეთის" ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო კირბალში, საქართველოს მოქალაქის მკვლელობასთან დაკავშირებით.
რუსეთის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლობა ოფიციალურ თბილისს მოუწოდებს "დაიწყოს ერთობლივი მუშაობა სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციასა და დემარკაციაზე".
ე.წ. უწყება საქართველოს მოქალაქეებს "მოძალადეებად" მოიხსენიებს და "ქართული ოცნების" მსგავსი მესიჯბოქსით გამოდის. ისინი განცხადებაში ახსენებს მიხეილ სააკაშვილს და მის პარტიას:
"არსებული ინფორმაციით, საქართველოს ამ მოქალაქეებმა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მ.სააკაშვილის პარტიის რადიკალური წარმომადგენლებიდან, უკანონოდ გადაკვეთეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი მანქანით, მის ტერიტორიაზე ღრმად შესვლის განზრახვით. ისინი სასაზღვრო პატრულმა აღმოაჩინა. სამართალდამრღვევებმა მიზანმიმართულად უგულებელყვეს მესაზღვრეების არაერთგზის მოთხოვნა გადაადგილების შეჩერების შესახებ და გაფრთხილებები იარაღის გამოყენების შესახებ, უფრო მეტიც, გამოიჩინეს უკიდურესი აგრესია სასაზღვრო სამსახურის პერსონალის მიმართ, რაც საფრთხეს უქმნიდა მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. მოძალადეების დასაკავებლად გატარებული ღონისძიებების დროს ერთი მათგანი დაშავდა, მოგვიანებით კი გარდაიცვალა, მეორე კი დააკავეს." წერს ე.წ. სამინისტრო.
შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ლომისას სალოცავში, სანთლის დასანთებად ასული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, კიდევ ერთი მოქალაქე, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.