
პარტია "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ შეერთებული შტატების დედაქალაქში ოფიციალური ვიზიტი NDI-ის დირექტორთან შეხვედრით დაიწყო.
პარტია ლელოს თავმჯდომარემ, გადამწყვეტი არჩევნების წინ ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს სთხოვა, რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი გამოაგზავნონ საქართველოში, რათა "ოცნების" ხელისუფლებამ გადამწყვეტი არჩევნების გაყალბება ვერ შეძლოს.
არჩევნების გარდა, ევრაზიის მიმართულების პროგრამის დირექტორთან ხაზარაძემ და გრიგოლ გეგელიამ ისაუბრეს ქვეყანაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე.
"ჩვენ გვქონდა ძალიან პირდაპირი საუბარი იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რაც უშუალოდ არჩევნებს ახლავს და რა თქმა უნდა, განვიხილეთ ორმხრივ ფორმატში, როგორ შეიძლება იმის უზრუნველყოფა, რომ ქართველი ხალხი დაფიქსირდეს ისე, როგორც ეს საქართველოს ხალხს სურს და არა ისე, როგორც ერთ პარტიას, კერძოდ, რუსეთის მსახურ "ქართულ ოცნებას" სურს. ჩვენ გვქონდა საუბარი ამ კუთხით სადამკვირვებლო მისიაზე, ისევე როგორც სხვადასხვა მიმართულებებზე, რომ ქართველი ხალხის ხმა დაფიქსირდეს და აისახოს პოლიტიკურ ცვლილებაში", - აცხადებს გრიგოლ გეგელია.
მამუკა ხაზარაძე ხვალ სენატში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართავს შეხვედრებს. "ლელოს" ლიდერი უსაფრთხოების მრჩეველს სენატორ სკოტს შეხვდება.