ირაკლი ოქრუაშვილის პირადი მცველის საქმე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს გაცემული დასკვნით რადიკალურად იცვლება. დოკუმენტის მიხედვით დგინდება, რომ სადავო იარაღზე კობა კოშაძის ანაბეჭდები არ არის.
კობა კოშაძის ადვოკატისთვის სამხარაულის დასკვნა კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი თავიდანვე უდანაშაულოდ დაიჭირეს, იარაღი კი, რომლის ქონასაც ედავებიან, ჩაუდეს.
სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო კოშაძის ახლობლები ამტკიცებენ, რომ ის პოლიტიკური ნიშნით დააპატიმრეს, მიზანი კი ირაკლი ოქრუაშვილზე ზემოქმედება იყო. პირადი მცველის დაკავებამდე საფრანგეთში მყოფი ოქრუაშვილი გააფრთხილეს, რომ თუ საქართველოში დაბრუნდებოდა, დააკავებდნენ.
კობა კოშაძე სამართალდამცავებმა 2019 წლის 17 ივლისს თბილისის შემოსასვლელში დააკავეს. ის სამი თვეა უკვე წინასწარ პატიმრობაშია.
კოშაძის საქმეზე არსებითი განხილვები სასამართლოში ჯერ არ დაწყებულა. საგამოძიებო ვადის გაგრძელება ორჯერ მისმა ადვოკატმა ითხოვა, მიზეზი ის სირთულეებია, რომლის გამოც მათ მტკიცებულებების მოგროვება უჭირთ.